საზოგადოება

კალაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უჩივის და მორალური ზიანისთვის 100 ათასს ითხოვს

1 სექტემბერი, 2022 •
კალაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უჩივის და მორალური ზიანისთვის 100 ათასს ითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაია მამულაშვილსა და „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივის. ამას ადასტურებს თავად კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.

ნეტგაზეთთან საუბარში გაბუნია ამბობს, რომ საქმე ეხება მაია მამულაშვილის გადაცემას, რომელიც ეთერში 2022 წლის 5 ივნისს გავიდა.

„სარჩელი ეხება „ტვ პირველის“ ეთერში, საავტორო გადაცემა დღის ამბებში მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლურ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს კახა კალაძემ ერთ-ერთი ტენდერიდან ჯიბეში ჩაიდო 60 მილიონი და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია.

სარჩელიც მოთხოვნილია და შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენი მოთხოვნაა ამ ყალბი და სიმართლესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ათასი ლარის ოდენობით,“ — ამბობს დიმიტრი გაბუნია.

ის აცხადებს, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს შევიდა, თავად მამულაშვილს კი კანონით დადგენილ ვადებში, 24 აგვისტოს გაუგზავნეს სარჩელი:

„3 დღე დარჩა, რომ წერილობითი პასუხი წარმოადგინოს“.

ჩვენ ვკითხეთ ადვოკატს, ეხებოდა თუ არა საქმე ავტობუსების ტენდერს, რომლის შესახებაც 2021 წელს გახდა ცნობილი. მაშინ მედია და ოპოზიცია საუბრობდა მერიაში სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მაია მამულაშვილს არსად დაუკონკრეტებია კონკრეტულად ავტობუსების ტენდერი იყო თუ არა, ერთ-ერთი ტენდერი ახსენა და ამიტომ ველოდებით წერილობით პასუხს, თუ რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით [ამბობს ამას], რომელ ტენდერთან დაკავშირებით და საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, რა უტყუარი ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მიითვისა 60 მილიონი,“ — უთხრა კალაძის ინტერესების დამცველმა გაბუნიამ ნეტგაზეთს.

დიმიტრი გაბუნიას ასევე ვკითხეთ მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. ჩვენ დავინტერესდით, თავად კახა კალაძე რა მტკიცებულებებს წარადგენდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მამულაშვილმა მას ცილი დასწამა.

„ჩვენ არანაირი დოკუმენტაცია არ უნდა წარვადგინოთ. მტკიცებულების ერთ-ერთ ფორმად ითვლება მხარის ახსნა-განმარტება. ჩვენ ვერ წარვადგენთ იმას, რაც არ არსებობს, რადგან ეს არის ტყუილი და ცილისწამება. სწორედ ამიტომაც ვდავობთ და ვიძახით, რომ ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტაცია [რაზეც მამულაშვილი საუბრობს] და რომ ეს არის სიცრუე. ამას რას დაუპირისპირებს მეორე მხარე, იქნება ეს წერილობითი მტკიცებულების სახით თუ ინფორმატორმა მიუტანა ინფორმაცია… რამე მყარი მტკიცებულება თუ გააჩნია, უნდა წარადგინოს სასამართლოში,“ — აცხადებს გაბუნია.

ნეტგაზეთთან ინტერვიუმდე დიმიტრი გაბუნიამ ბრიფინგი ჩაატარა, რომლის დროსაც თქვა, რომ თუ კვლავ სადემ ნახავენ მათი აზრით ცილისმწამებლურ ინფორმაციას, აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს.

„მე მხოლოდ კახა კალაძის სახელით შემიძლია ვისაუბრო და სისტემურ სახეში ვგულისხმობდი იმას, რომ თუ შემდგომში ხვალ და ზეგ გავრცელდა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ჩავთვლით, რომ არის სამართლებრივი საფუძველი და მყარი არის ჩვენი არგუმენტი, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ განცხადებასთან, ვინც არ უნდა იყოს, მივმართავთ სასამართლოს. ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ასე ვთქვათ. ჩვენ გვესმის, რომ თემა არის სენსიტიური, სად მთავრდება და სად ილახება პირის კონსტიტუციური უფლება, მისი პატივი და ღირსება. ეს პრაქტიკა დიდია მსოფლიოში და ჩვენთანაც კარგი იქნება, რომ დამკვიდრდეს, რათა ქცევის წესები ვიცოდეთ ყველამ,“ – განმარტა დიმიტრი გაბუნიამ.

„ტელეკომპანია პირველის“ იურისტი ქეთი ზანდუკელი ამავე ტელეკომპანიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ მამულაშვილმა გაიმეორე ის, რაზეც მანამდე არაერთმა ისაუბრა. ის დასძენს, რომ საჩივრის მოტივი „ტვ პირველის“ დაზიანებაა.

„მაია მამულაშვილის მიერ არ მომხდარა ამ კონკრეტული განცხადების გავრცელება. ეს განცხადება გავრცელდა ერთი წლის წინ 2019 წლის 18 მისს და მას შემდეგ არაერთმა წყარომ, არაერთმა პირმა საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია გაავრცელა, გაიმეორა.

ვერ იქნება მიჩნეული ვერც ერთ შემთხვევაში, რომ მაია მამულაშვილმა ეს განცხადება მოახდინა, რომელმაც თავის მხრივ კახა კალაძის პატივისა და ღირსების შელახვა შეძლო. ეს არის დაუსაბუთებელი მოთხოვნა და მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ, უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, რაც ტელევიზიას დიდი წნეხის ქვეშ დააყენებს,“ — განმარტავს ადვოკატი.

საუბარია 2022 წლის 5 ივნისის გადაცემაზე. გადაცემის მიმდინარეობისას გადაცემის სტუმარმა გიორგი მამაცაშვილმა გიგი უგულავას „ბიუჯეტის ვირთხა“ უწოდა და თქვა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს არამარტო „ქართული ოცნების“ პრობლემებზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაზეც“. ამ დისკუსიის დროს, მაია მამულაშვილმა თქვა:

„კახი კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო….მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო კახი კალაძემ, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ. 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ“.

რა ტენდერზეა საუბარი?

ტენდერი, რომელსაც მაია მამულაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს, ავტობუსებს ეხება. 2021 წლის მაისში ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიის შესყიდვებში, სავარაუდოდ, იკვეთება კორუფციის ნიშნები.

„ფორმულა“ ამბობდა, რომ მერიამ თურქულ კომპანია BMC-ის 226 ავტობუსში 55 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა. თითო ავტობუსი 250 ათასი ევრო დაჯდა, როდესაც სხვა ქალაქებმა იგივე ავტობუსი გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდეს.

მერიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა EBRD-ის ექსპერტების ჩართულობით მოხდა და კორუფციას ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი