ახალი ამბები

“ვანოს შოუს” სხვა გადაცემა ჩაანაცვლებს — “მთავარი არხის” განცხადება

1 სექტემბერი, 2022 • 2166
“ვანოს შოუს” სხვა გადაცემა ჩაანაცვლებს — “მთავარი არხის” განცხადება

“მთავარი არხის” თქმით, ვანო ჯავახიშვილის შოუს სხვა გადაცემით ჩაანაცვლებენ. ტელეარხმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ “ვანოს შოუ” “ტვ პირველზე” გადადის.

“მთავარი არხი” აღნიშნავს, რომ წუხს ჯავახიშვილისა და მისი გუნდის გადაწყვეტილების გამო და საუბრობს მძიმე ფინანსურ კრიზისზე, რომელმაც ტელეარხი ივნისში აიძულა, დაეხურა მთავარი პავილიონი. აღნიშნულ სივრცეში იწერებოდა/პირდაპირ ეთერში გადიოდა როგორც “ვანოს შოუ”, ისე “ახალი შაბათის შოუ”, “მთავარი ბიჭები” და სხვა გასართობი თუ შემეცნებითი გადაცემები.

“პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი კოლოსალური ხარჯების გაწევას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

“მთავარი არხი” დასძენს, რომ იმ გადაცემებს, რომლებიც მანამდე პავილიონში მზადდებოდა, შესთავაზეს, თვითდაფინანსებაზე გადასულიყვნენ; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.

ტელეკომპანია დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა იყო, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე და ერთადერთი გუნდი, რომელმაც თქვა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა:

“მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.

ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ – ხშირად ანაზღაურების გარეშე – და მაინც არ ტოვებს კომპანიას”.

“მთავარი არხის” განცხადებით, “ვანოს შოუს” გუნდს არხის შექმნასა და წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, შესაბამისად მისი წასვლა “ნამდვილად დანაკლისია”.

“ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე”, — დასძენს ტელეკომპანია და აღნიშნავს, რომ ჯავახიშვილის გუნდის წასვლის გამო მუშაობას იწყებს ახალ იუმორისტულ შოუზე, ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს.

“გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიდან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.

ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი – ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე – ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“ “, — ნათქვამია განცხადებაში.

ვანო ჯავახიშვილის შოუ და სხვა გასართობი გადაცემები, რომლებიც მთავარ არხზე გადიოდა, მომდევნო სეზონიდან “ტვ პირველზე” გავა. ინფორმაცია თავად ვანო ჯავახიშვილმა გაავრცელა პირველ სექტემბერს და თქვა, რომ “მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა მისი გუნდის ყველა გადაცემა.

ამ თემაზე გირჩევთ

არის, პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება — ჯავახიშვილი “მთავარი არხის” განცხადებაზე

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

მასალების გადაბეჭდვის წესი