ახალი ამბები

არის, პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება — ჯავახიშვილი “მთავარი არხის” განცხადებაზე

1 სექტემბერი, 2022 • 2333
არის, პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება — ჯავახიშვილი “მთავარი არხის” განცხადებაზე

ვანო ჯავახიშვილი “უნამუსობასა და ბოროტებას” უწოდებს “მთავარი არხის” განცხადებას, რომელიც არხზე გადაცემა “ვანოს შოუს” დახურვას ეხება. როგორც ტელეკომპანია ამბობს, ჯავახიშვილის გუნდმა თქვა, რომ ვერ შეძლებდა კომპანიაში ფინანსური კრიზისის ფონზე შექმნილ ახალ რეალობაზე მორგებას.

ვანო ჯავახიშვილის თქმით, ტელეარხის განცხადებაში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

“ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა”, — დასძენს ჯავახიშვილი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი სიტყვებით, სიმართლე ისაა, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე მისი გუნდის გადაცემები (”ვანოს შოუ”, ”ახალი შაბათის შოუ” , ”მთავარი ბიჭები”, ‘’მთავარი გოგოები’’) დაიხურა და დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ.

“სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას.

რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩეს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯავახიშვილის თქმით, საუბარი იყო იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა.

“რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა.

‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის, პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება.

მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’. ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი”, — აღნიშნავს ტელეწამყვანი.

ვანო ჯავახიშვილის შოუ და სხვა გასართობი გადაცემები, რომლებიც მთავარ არხზე გადიოდა, მომდევნო სეზონიდან “ტვ პირველზე” გავა. ინფორმაცია თავად ვანო ჯავახიშვილმა გაავრცელა პირველ სექტემბერს და თქვა, რომ “მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა მისი გუნდის ყველა გადაცემა.

ამას მოჰყვა “მთავარი არხის” განცხადება, რომელშიც კომპანიაში შექმნილ მძიმე ფინანსურ კრიზისზეა საუბარი. ტელეარხი დასძენს, რომ დაიხურა დიდი პავილიონი, რომელშიც მზადდებოდა არაერთი გადაცემა, მათ შორის, “ვანოს შოუ”, “ახალი შაბათის შოუ”, “მთავარი ბიჭები” და სხვა გასართობი თუ შემეცნებითი გადაცემები.

“მთავარი არხის” თქმით, გადაცემებს შესთავაზეს, თვითდაფინანსებაზე გადასულიყვნენ; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.

ტელეკომპანია დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც თქვა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ ჯავახიშვილის გუნდის წასვლის გამო მუშაობას იწყებს ახალ იუმორისტულ შოუზე, ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს.

ამ თემაზე გირჩევთ

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

მასალების გადაბეჭდვის წესი