საზოგადოება

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

15 ივნისი, 2022 • 1704
რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

“მთავარი არხი” ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ სარგებლობს ერთ-ერთი ოფისით, რის გამოც გასართობი გადაცემების ნაწილის ფორმატი შეიცვალა, ნაწილის ბედი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ტელეკომპანიის ადმინისტრაციაში აღნიშნულ პრობლემებს უკავშირებენ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასა და “მთავარ არხთან” ურთიერთობისგან ბიზნესმენების თავშეკავებას.

რა ხდება

როგორც “მთავარი არხის” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი  წერს, ტელეკომპანია აქამდე 3 შენობიდან მუშაობდა:

1. ჩუბინაშვილის ოფისი, საიდანაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემები, ახალი ამბები და დღის გადაცემები გადის;

2. “ბენტლის ოფისი”, საიდანაც ასევე პოლიტიკური გადაცემები გადის, თუმცა, მხოლოდ საღამოს ეთერები. როგორც “ნეტგაზეთს” ტელეკომპანიაში უთხრეს, ოფისი გარკვეული პერიოდულობით, მხოლოდ რამდენიმე საათით იხსნება: იმ დროს, როცა კონკრეტული გადაცემა გადის ეთერში;

3. ვაშლიჯვრის ოფისი, სადაც იწერებოდა არხის “ფროდაქშენის” გადაცემები, მათ შორის, შემეცნებით-გასართობი პროგრამები, როგორიცაა დილის გადაცემა, “ვანოს შოუ”, “მხოლოდ ლელასთან”, “ექიმები” და ა.შ.

არხის საკუთრებას არცერთი შენობა წარმოადგენს: ტელეკომპანია სამივე მათგანს ქირაობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი 

ფინანსური პრობლემების გამო “მთავარი არხი” ვაშლიჯვრის ოფისით ვეღარ სარგებლობს, რის გამოც პრობლემები შეექმნა ყველა იმ გადაცემას, რომლებიც ამ პავილიონში იწერებოდა.

პროგრამების ნაწილმა ფორმატი შეიცვალა და ეთერში დარჩა. ასე მოხდა, მაგალითად, დილის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც ღია სივრციდან გადის ეთერში.

“დაგაბნევთ ალბათ ის, რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა: ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა… არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ამ გადაცემ[ებ]ს სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი”, — წერს ჟორჟოლიანი.

თუმცა არის გადაცემები, რომლებსაც არსებობის გასაგრძელებლად, ამ ეტაპზე, საკმარისი რესურსი არ აქვთ. მათ შორისაა “ვანოს შოუ”, რომელიც, ჟორჟოლიანის ცნობით, “დაიხურა”, თუმცა ადმინისტრაციისგან მიიღო პასუხი, რომ “სპონსორის მოძიების შემთხვევაში აუცილებლად გავა ეთერში”.

“მთავარი არხის” დირექტორის, თამთა მურადაშვილის თქმით, გამოსავალს ეძებენ.

“იმის გამო, რომ არ გვინდა დაიხუროს [გადაცემები], ვეძებთ გამოსავალს. ნანუკამ მოიფიქრა რაღაც, რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით, დილის [გადაცემაც] მოიფიქრა, ლელა წურწუმიას გადაცემაზეც რაღაც შეიძლება მოვახერხოთ და სხვა ფორმით გავიდეს ეთერში.

ვანოსაც უფრო მეტი რესურსი სჭირდება. ამიტომ, როგორ მოხერხდება, არ ვიცი, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ”, — უთხრა “ნეტგაზეთს” თამთა მურადაშვილმა.

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები

“ნეტგაზეთმა” თამთა მურადაშვილს ჰკითხა, როგორ მივიდა არხი ვაშლიჯვრის ოფისის დათმობის გადაწყვეტილებამდე და რას უკავშირდება ფინანსური პრობლემები.

მისი თქმით, არხს აქამდეც უჭირდა, თუმცა პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ პრობლემებმა განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი.

როგორც ჰყვება, ტელეკომპანია ითხოვდა დავალიანებების გადავადებას/განწილვადებას, რათა ეს ფინანსები ტვირთად არ დასწოლოდა, თუმცა მთავრობამ არაფერი გააკეთა ამ კუთხით, “მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიებს გაუკეთეს შეღავათი”.

ტელეარხის დირექტორი ასევე უსვამს ხაზს სახელმწიფოს მიერ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით გამოწვეულ პრობლემებს.

“ჩახსნეს ბეთების რეკლამები, რამაც პრაქტიკულად რამდენიმე მილიონის ბიუჯეტი შეგვიმცირა. ეს იმხელა ხვრელი იყო ჩვენს ბიუჯეტში, უბრალოდ შეუძლებელი იყო ალტერნატიული რესურსის მოძებნა იმისთვის, რომ ეს ბიუჯეტი, რაც გვქონდა გათვლილი მთელი წლისთვის, შევსებულიყო სხვა რამით.

ეს საკანონმდებლო ცვლილებაც განზრახ მოხდა, სპეციალურად ტელევიზიებისთვის. ხედავდნენ, რამხელა ბიუჯეტი მოდიოდა, როგორ ფინანსდებოდნენ ტელევიზიები ამ რეკლამების საშუალებით”, — აღნიშნა მან.

თამთა მურადაშვილი 

მურადაშვილის სიტყვებით, მთავრობამ პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო: რეკლამების აკრძალვის პარალელურად, აზარტული თამაშების კომპანიებს გადასახადები გაუზარდეს და ფული, რომელსაც კომპანიები რეკლამებს ახმარდნენ, ახლა “სახელმწიფოს ჯიბეში” მიდის.

ფინანსურ პრობლემებზე საუბრისას “მთავარი არხის” დირექტორი ასევე დასძენს, რომ “ბევრ კომპანიას”, ვისაც ტელეკომპანია ესაუბრა, “მთავარ არხში” რეკლამის მიტანის ეშინია:

“არ სურთ მოგვეკარონ, ეშინიათ, რადგან გვქონდა არაერთი პრეცედენტი, როცა მოიტანა ზოგიერთმა ბიზნესმენმა [ტელეკომპანიაში] რეკლამა და ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები. ამ შიშის გამოც, რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ძალიან დამფრთხალი”.

თამთა მურადაშვილის თქმით, კონკრეტულ ბიზნესებზე საუბრის ნებართვა არ აქვს, თუმცა ტელეარხში იციან კონკრეტულ მაგალითებზე, რომ კომპანიებს “ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, შეუვარდნენ საწარმოებში, ვითომ დარღვევები აღმოუჩინეს, [იყო] პირადი მუქარები…”

მისივე განცხადებით , ამ პროცესზე ნიკა გვარამიას დაპატიმრებამაც მოახდინა გავლენა და შიში გაიზარდა.

“უკრაინის ომმაც, ცხადია, თავისი წვლილი შეიტანა ამ ფინანსურ კრიზისში. საბოლოო ჯამში, აკუმულირდა ეს პრობლემები და მივედით ამ შედეგამდე”, — აღნიშნავს თამთა მურადაშვილი.

რა ბედი ელის საინფორმაციო-პოლიტიკურ გადაცემებს

ამჟამად “მთავარი არხი” ჩუბინაშვილის ოფისიდან მუშაობს, საიდანაც საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები გადის. მისი ფართი, ვაშლიჯვრის სტუდიასთან შედარებით, მცირეა.

თამთა მურადაშვილს ვკითხეთ, რა ბედი ელის საინფორმაციო-პოლიტიკურ გადაცემებს და აღნიშნულ პროგრამებსაც ხომ არ ემუქრება საფრთხე. მისი თქმით, ჯერჯერობით, არხი ინარჩუნებს ჩუბინაშვილის ოფისს.

“თუ ისევ გაღრმავდა პრობლემები, შეიძლება, [ეს ოფისიც] დაიხუროს და ვეღარ გავიდეთ ეთერში. თუმცა ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ეს არ არის და პირიქით, იმისთვის ვიბრძვით და არ ვნებდებით, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს. არც მოხდება, დარწმუნებული ვარ. აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში”, — აღნიშნა მან.

მურადაშვილის თქმით, ბევრი ადამიანი, მათ შორის, ბიზნესმენი, “გულით გულშემატკივრობს” ტელეკომპანიას, თუმცა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ ადამიანები “კიდევ უფრო ფრთხილობენ”.

“მაქსიმალური რესურსებით, ვისაც რა შეგვიძლია, ყველანი ვცდილობთ, დავძლიოთ ფინანსური პრობლემები. თუმცა, ვინ, როგორ გაბედავს და როგორ, რა ფორმით დაგვეხმარება, ეს არ ვიცი”, — ამბობს “მთავარი არხის დირექტორი.

“მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანიის დასახმარებლად “მედიის თავისუფლების ფონდი” შეიქმნა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერი რაოდენობის თანხა ჩარიცხოს ფონდში, როგორც საქართველოს, ისე TBC ბანკის ანგარიშებზე.

ფონდის რეკვიზიტების ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი