„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველოს არჩევის წესი უცვლელი უნდა დარჩეს.
ამის შესახებ მან დღეს, პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ომბუდსმენობის კანდიდატების შესაფასებლად „ხელოვნური რგოლის“ დამატება მიუღებელია.
საუბარია, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან. აღნიშნული ჯგუფი ომბუდსმენობის მსურველებს განაცხადების მიხედვით შეაფასებს.
დეკანოიძის თქმით, შეფასების ჯგუფის შექმნას დესტრუქციად და საბოტაჟად მიიჩნევს.
„სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს. ჩვენი პოზიციაა, რომ კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რა თქმა უნდა, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც აქტიურად ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთან, ჩართული ვიქნებით ამ პროცესში და მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომლიც რეალურად შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
შესაბამისად, არავითარი წესის და საკანონმდებლო ცვლილების და დამატებითი რგოლის შექმნა არ არის აუცილებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც „ოცნებამ“ წარადგინა, გულისხმობს, რომ პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა ფრაქციების გარდა პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებსაც შეეძლებათ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს. “ოცნება” კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნება და პარლამენტს ასარჩევად არც ერთი კანდიდატი არ წარედგინება.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი აპირებენ მხარი დაუჭირო არასამთავრობო ორგანიზციების მიერ დასახელებულ კანდიდატურებს. სხვა პარტიების პოზიციებს ომბუდსმენის კანდიდატურებზე გაეცანით – აქ.
სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.
ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
