ახალი ამბები

თბილისი-ბათუმის გზაზე ელექტრომანქანების 20 დამტენი მოეწყობა — კალაძე

1 სექტემბერი, 2022 • 650
თბილისი-ბათუმის გზაზე ელექტრომანქანების 20 დამტენი მოეწყობა — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ელექტრომობილების დამატებით 50 დამტენს დაამონტაჟებს, აქედან 20-ს დასავლეთის ავტომაგისტრალზე.

დღეს, 1 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, კალაძემ თქვა, რომ მერია კვლავ წაახალისებს ელექტრომობილებით სარგებლობას.

მისივე ინფორმაციით, თბილისში უკვე მოქმედებს 60 ელექტროდამტენი, რომლითაც დატენვა უფასოა, გარდა ამისა, ელექტრომობილების მფლობელები არ იხდიან პრკინგის საფასურს.

„კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამატებით, 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტი განხორციელდება. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე.

იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტრომობილებისთვის დამტენების ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, რათა ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, სატენი მოწყობილობით სარგებლობა ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტოდამტენი სადგური განთავსდება. მერიის შეფასებით, პროექტი დღეიდან, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

„დასავლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა, სადაც თითოეულზე ორივე მიმართულებით, როგორც თბილისი-ბათუმის, ასევე, ბათუმი-თბილისის, მოეწყობა ათ-ათი სწრაფი დამტენი თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით,“ – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი