ახალი ამბები

საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, გაეროს მისია ზაპოროჟიის ატომურ სადგურში ვიზიტს მაინც აპირებს

1 სექტემბერი, 2022 • 1195
საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, გაეროს მისია ზაპოროჟიის ატომურ სადგურში ვიზიტს მაინც აპირებს

გაეროს ექსპერტები ხუთშაბათს, პირველ სექტემბერს, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრნენ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე იუწყება ადგილზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ — წერს სააგენტო Reuters. ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, მიადგა თუ არა სადგურს რაიმე სახის ზიანი.

სამხრეთ უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური, რომლის ტერიტორიაც რუსებს აქვთ ოკუპირებული, უდიდესია ევროპაში. რუსეთი და უკრაინა უკვე რამდენიმე კვირაა, ერთმანეთს ადანაშაულებენ ტერიტორიის დაბომბვაში, პარალელურად, უკრაინა საუბრობს რადიაციული კატასტროფის რისკებზე საუბრის ფონზე.

“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს”(IAEA) ხელმძღვანელს, რომლის თქმითაც მისიამ იცის “რეგიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობის” შესახებ, თუმცა მაინც გეგმავს, ეწვიოს ობიექტს და შეხვდეს პერსონალს.

“აქამდე მოსულები ჩვენ არ ვჩერდებით”, — დასძენს რაფაელ გროსი.

გაეროს მისია ოთხშაბათს ჩავიდა ქალაქ ზაპოროჟიეში, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 55 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. Reuters-ის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯგუფი ობიექტს დღეს, პირველ სექტემბერს უნდა ეწვიოს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჯგუფს მხოლოდ 1 დღე ექნება სადგურის შესამოწმებლად, თუმცა გაეროს მისია უფრო გრძელვადიანი პროცესისთვის ემზადება. გროსის თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე დღეს წაიღებს.

“ეს არის მისია, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული ავარიის თავიდან აცილებას”, — უთხრა IAEA-ს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

ზაპოროჟიის გუბერნატორის, ოლექსანდრ სტარუხის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსეთი ბომბავდა მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც IAEA-ს წარმომადგენლები ელექტროსადგურთან უნდა მისულიყვნენ.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობდა, რომ 60-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა მდინარე დნიპროს გადაკვეთა და ქარხნის ხელში ჩაგდება სცადა, რაც IAEA-ს მისიის ჩაშლას ისახავდა მიზნად.

ამასთან, რუსული მხარე უკრაინას ენერჰოდარის (ქალაქი, სადაც ელექტროსადგური მდებარეობს) საცხოვრებელი კვარტლების “მასობრივ” დაბომბვაში ადანაშაულებს. ენერჰოდარში აფეთქებებზე ასევე საუბრობს უკრაინა და ამაში რუსული მხარის ბრალეულობაზე საუბრობს.

“დილის ხუთი საათიდან ქალაქი მუდმივად იბომბება ნაღმმტყორცნებიდან… ისმოდა ავტომატური იარაღის ხმებიც”, – წერს ენერჰოდარის მერი დმიტრო ორლოვი Telegram-ზე. მისივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

ზაპოროჟიის სადგური რუსეთს მარტის დასაწყისიდან აქვს ოკუპირებული. ადგილზე დარჩენილი უკრაინელი თანამშრომლები სადგურს რუსების ხელმძღვანელობის პირობებში ამუშავებენ.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ტერიტორიის დაბომბვაში. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი ქალაქებზე შეტევის პროცესში ფარად იყენებს სადგურს. თავის მხრივ, მოსკოვი ირწმუნება, რომ რადიაციის დონე ნორმაშია.

რუსეთმა განაცხადა, რომ მიესალმება IAEA-ს სურვილს, ადგილზე მუდმივმა მისიამ იმუშაოს. თუმცა, როგორც რუსეთის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სააგენტო “ინტერფაქსს” უთხრა, ინსპექტორებმა “სადგურის მუშაობა ერთ დღეში უნდა ნახონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი