ახალი ამბები

სურსათის 614 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალი 4 სუნელში აღმოჩნდა — სეს

31 აგვისტო, 2022 • 1910
სურსათის 614 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალი 4 სუნელში აღმოჩნდა — სეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე სურსათის 614 ნიმუშის შესწავლის შედეგად დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა 4 სუნელ-სანელებლის შემთხვევაში აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია სეს-მა დღეს, 31 აგვისტოს გაავრცელა.

დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობის ტყვია გამოვლინდა შემდეგ სუნელ-სანელებლებში:

  •  წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში). ნიმუშის აღების ადგილი: თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართულთან. რეალიზატორი: დახლთან მოვაჭრე ფიზიკური პირი;
  • მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში). ნიმუშის აღების ადგილი: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. რეალიზატორი: შპს “ნთკ 2016”;
  • წითელი წიწაკა (1 ნიმუში). ნიმუშის აღების ადგილი: ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია). რეალიზატორი: ფიზიკური პირი.

სეს-ის ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.

ამასთან, სეს-ის ცნობით, სუნელ-სანელებლების გარდა სააგენტომ შეისწავლა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათი, სასმელი წყალი და ალკოჰოლური სასმელებიც, რომელთა შორისაც ტყვიის მაღალი შემცველობა არც ერთ სხვა პროდუქტში არ აღმოჩენილა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა.

ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით დაგეგმილია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლური სასმლის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი