ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ინალ არძინბა აცხადებს, რომ მას “უკრაინელი ნაციონალისტები” ემუქრებიან

30 აგვისტო, 2022 • 1825
ინალ არძინბა აცხადებს, რომ მას “უკრაინელი ნაციონალისტები” ემუქრებიან

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა უკრაინისა და დარია დუგინას მკვლელობის შესახებ და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. ამასთან, არძინბამ მის მიმართ უკრაინელების მუქარებზეც ისაუბრა.

“უკრაინელი რადიკალები, ნაციონალისტები საკუთარ ტრადიციულ ინსტრუმენტს, მუქარას და მკვლელობას იყენებენ. პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წლიდან, როდესაც დსთ-ის სივრცეში ჰუმანიტარული კონტაქტებით ვიყავით დაკავებული, ვიღებდი მუქარებს უკრაინელი რადიკალებისა და ნაციონალისტებისგან, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შემდეგ კი, პრაქტიკულად, – ყოველდღიურად. მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს და ვერ იქონიებს გავლენას ჩვენს ნაბიჯებზე”, – განაცხადა არძინბამ.


ინალ არძინბას უკრაინაში  ჯერ კიდევ 2022 წლის ომამდე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედებოდა ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. იგი კრემლში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.“

უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. 2015 წელს უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას ბრალი დასდეს სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში, 2016 წლის მარტში კი, ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში არძინბა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და იმ დროს ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.

აფხაზეთის ახალი დე ფაქტო მინისტრი უკრაინაში ძებნილია – ვინაა ინალ არძინბა

მასალების გადაბეჭდვის წესი