ახალი ამბები

სააკაშვილისთვის ცალკე ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება – ადვოკატი

30 აგვისტო, 2022 • 894
სააკაშვილისთვის ცალკე ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

საუბარია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ 29 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ შესაძლოა სააკაშვილს ცალკე ექსპერტიზა ჩაუტარონ.

ხაჭაპურიძის თქმით, თუ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ჩატარება სურს, შეუძლია იმ ექსპერტთა ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობას იკვლევს.

„როგორც იურისტს, ბატონ რატის [ბრეგაძეს] დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი გაჭიანურება საქმის. ეს ამჟამად მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება. ამიტომ, გაჭიანურებას რომ არ ჰქონდეს ადგილი, იქით ვთავაზობ გამოსავალს – ახლავე შეუძლია ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ჯგუფები, იქნება ეს სამხარაული თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა[…] თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თუ იმ ექსპერტიზით, რომელსაც სააკაშვილს ცენტრი „ემპათია“ და უცხოელი ექსეპრტები უტარებენ, დადგინდება, რომ ექსპრეზიდენტს ჯანმრთლების მდგომარეობა სასჯელის მოხდაში ხელს უშლის და საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება, მაშინ სასამრთლოს მიმართავენ, რომ იუსტიციის სამინისტროს არ დაუკმაყოფილდეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა.

„საქმე არ უნდა გაჭიანურდეს, თორემ თუ იქნება ექსპერტიზის დასკვნა ისეთი, რომ მივმართოთ სასამართლოს, ამ შემთხვევაში მოსამართლის წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა [დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების].

კიდევ ერთი, თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებული იყოს ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე სახელმწიფო, რომ ჩატარდება ექსპერტიზა და [იტყვიან] პირველი ექსპერტიზიდან  მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა ჩაუტარდა  და [მდგომარეობა] გაუმჯობესდა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

თავად იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდისთვის განიხილავენ სააკაშვილისთვის დამატებით ექსპერტიზის ჩატარებას და იქნება თუ არა ეს „ემპათიისა“ და უცხოელი ექსპერტების დასკვნის შემდეგ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა უკვე უტარდება ცენტრ „ემპათიისა“ და უცხოელი ექსპერტების მიერ.  29 აგვისტოს სააკაშვილთან იმყოფებოდა ამერიკელი ფსიქიატრი, ასევე, გაეროში აკრედიტებული შვეიცარელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელთაც რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა მკურნალობა ესაჭიროება სააკაშვილს და აუცილებელია თუ არა მისი უცხოეთში გადაყვანა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დამატებით ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. როგორც ბრეგაძე ამბობს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კარგი იქნება, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.

არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ჩვენც ჩავუტაროთ ცალკე ექსპერტიზა — ბრეგაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი