ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ჩვენც ჩავუტაროთ ცალკე ექსპერტიზა — ბრეგაძე

29 აგვისტო, 2022 • 852
არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ჩვენც ჩავუტაროთ ცალკე ექსპერტიზა — ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დამატებით ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

ამის შესახებ მან დღეს, 29 აგვისტოს განაცხადა.

როგორც ბრეგაძე ამბობს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კარგი იქნება, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივა მედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე ემპათიის ექსპერტიზა და ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც […].

იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი მცირე კითხვის ნიშანის კი, საავადმყოფოს პარალელურად არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენც დავრწმუნდეთ, თუ რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა უკვე უტარდება ცენტრ „ემპათიისა“ და უცხოელი ექსპერტების მიერ. დღეს, 29 აგვისტოს, სააკაშვილთან იმყოფებოდა ამერიკელი ფსიქიატრი, ასევე, გაეროში აკრედიტებული შვეიცარელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელთაც რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა მკურნალობა ესაჭიროება სააკაშვილს და აუცილებელია თუ არა მისი უცხოეთში გადაყვანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს რატი ბრეგაძესაც, რა პოზიცია ექნება პირადად მას იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილისთვის ჩატარებული ექსპერტიზა იტყვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ხელს უშლის მის მიერ სასჯელის მოხდას. იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმენაირი შეიძლება იყოს და ცუდ სცენარზე არ ფიქრობს.

„თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება? შეიძლება ძალიან კარგად არის და არ აქვს რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, თქვენ ავტომატურად საუბრობთ ყველაზე ცუდ და ნეგატიურ სცენარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის სცენარზე. როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი