იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა და ფასებმა მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რუსეთი ერთ-ერთი საბადოდან მოპოვებულ ბუნებრივ აირს ჰაერში წვავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, აღნიშნული აირი რუსეთს გერმანიისთვის მილსადენ „ნორდსტრიმ 1-ის“ გავლით უნდა მიეწოდებინა, თუმცა აღნიშნულზე ამ დრომდე უარს ამბობს და ევროპას ცივი ზამთრით ემუქრება.
ბრიტანეთში გერმანიის ელჩმა BBC-ის განუცხადა, რომ რუსეთი წვავს იმ ბუნებრივ აირს, „რომელიც ვერ გაყიდა“.
როგორც BBC აღნიშნავს, რუსეთის ქმედებას, გარდა ეკონომიკურისა, ეკოლოგიური განზომილებაც აქვს, რადგან მეცნიერთა შეფასებით, ბუნებრივი აირის უმიზნო დაწვით გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და ჭვარტლი. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს არქტიკაში ყინულის დნობას. საბადო, სადაც ბუნებრივ აირს წვავენ, რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
BBC-ის ცნობით, ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილი ცეცხლის ალი ადვილი შესამჩნევია ფინეთიდან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ევროპის ქვეყნებმა მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს. საპასუხოდ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება. უკრაინაში შეჭრამდე რუსული გაზი ევროპის საჭიროების 40%-ს აკმაყოფილებდა.