უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აკრიტიკებს რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებას, რომელიც დარია დუგინას აფეთქებას შეეხებოდა.
საუბარია რომის პაპის 24 აგვისტოს განცხადებაზე. მან ისაუბრა ომის სისასტიკეზე, მოუწოდა, რომ ყველას ელოცა – „ ძვირფასი უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ომის საშინელებისგან უკვე 6 თვეა იტანჯება“.
თავის სიტყვაში რომის პაპი ასევე შეეხო ზაპოროჟიეში არსებულ ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთს დაკავებული აქვს. ასევე დასძინა, რომ ომის ორივე მხარეს იღუპებიან და ობლად რჩებიან ბავშვები – „ობლობას ეროვნება არ აქვს“.
რაც შეეხება დარია დუგინას, პაპმა ფრანცისკემ მაშინ გაიხსენა, როდესაც „ომის სიგიჟეების“ შესახებ საუბრობდა.
„ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მის მანქანაში მოწყობილი ბომბით ააფეთქეს მოსკოვში. უდანაშაულოები იხდიან ომის ფასს, უდანაშაულოები! უნდა ვიფიქროთ ამ რეალობაზე და ერთმანეთს ვუთხრათ: ომი არის სიგიჟე.“
მალევე რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა ვატიკანში უკრაინის ელჩი ანდრი იურაში. ტვიტერზე მან დაწერა, რომ ამ სიტყვებით იმედგაცრუებულია.
„როგორ შეიძლება იმპერიალისტური რუსის ერთ-ერთი იდეოლოგის მოხსენიება, როგორც უდანაშაულო მსხვერპლის? ის მოკლულია თავად რუსეთის მიერ, რომლებმაც შემდგომ წმინდა მსხვერპლად წარმოაჩინეს“, – წერს ელჩი.
პარალელურად, კიევში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრი, დმიტრო კულება განმარტავს, იმისთვის, რათა გაეზიარებინათ „უკრაინის იმედგაცრუება პაპის ამ სიტყვების გამო“.
კულებამ თქვა, რომ სამინისტროს მიერ ვატიკანის წარმომადგენლობის უწყებაში გამოძახება უპრეცედენტო შემთხვევაა და ბევრზე უკვე მეტყველებს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ უკრაინული გული ნატკენია პაპის ამ სიტყვების გამო. ეს იყო უსამართლო“, – ამატებს კულება.
20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. დარია დუგინა მამის – ალექსანდრ დუგინის მსგავსად რუსი პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში შეჭრას.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, უკრაინამ უარყო რაიმე კავშირი მომხდართან. „ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი“, – თქვა მაშინ პოდოლიაკმა.
21 აგვისტოს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომორევმა თქვა, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს არასრული ორი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ გახსნილად გამოეცხადებინა რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის შვილის მკვლელობის საქმე და მომხდარში უკრაინის სპეცსამსახურები დაედანაშაულებინა.
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ: