ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ ევროკომისისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყონ.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს, 19 აგვისტოს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“(ISFED) არ დაუშვა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობაა.
„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.
#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება არის პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED).
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.