„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და უსვამს ხაზს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
ენმ-ის ლიდერის თქმით, ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ და მათ არ იცავს არც სახელმწიფო და არც პოლიცია. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაცვით არიან დაკავებული. ამასობაში კი ფემიციდის შემთხვევები თითქმის ნორმად იქცა:
„დღეს კაცმა ქალი გაგუდა. გუშინ იპოვეს ყელგამოჭრილი ქალი, 12 აგვისტოს ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი!
ერთ კვირაში ხდება ყველა ეს შემზარავი მკვლელობა! ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ და მათ არ იცავს არავინ – არც სახელმწიფო, არც პოლიცია!
ან ვის სცალია მათ დასაცავად, როცა მათ ამხელა საზრუნავი აქვთ – მხოლოდ ივანიშვილის დაცვით არიან დაკავებული, იცავენ ყველასგან – ჩვენგან თუ ნიავისგან, რომ ემანდ ცივად არ დაუბეროს.
ამასობაში კი შემთხვევები თითქმის ნორმად იქცა. სახელმწიფოს ამ მხრივაც დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია. ასე რომ, თითოეული ამ ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება! დიახ, ავლევში იმ ქალს, იმ ნაძირალა კაცთან ერთად, სახელმწიფო გუდავდა! დიახ, იმ ვალეში ნაპოვნ ქალს – მკვლელთან ერთად სახელმწიფო სჭრიდა ყელს, და ოზურგეთშიც იმ ქალს, ყოფილ ქმართან ერთად, სახელმწიფო კლავდა თავისი დანაშაულებრივი სისტემური უმოქმედობით!“ – აცხადებს ნიკა მელია.