დღეს, 19 აგვისტოს, საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიება იმართება. ხიდი საქართველოსა და სომხეთის პრემიერ- მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გამტარობის გაზრდის გარდა, ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის მაგისტრალის ნაწილი.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე 160 მეტრი სიგრძის ოთხ-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა, ტრანზიტი, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ “,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ოფიციალური ინფორმაციით 160 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა 7 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა. მისი დაფინანსებისთვის ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქცის განვითარების ბანკს.