ახალი ამბები

ადასტურებს, რომ „ოცნება“ რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს – დეკანოიძე ISFED-ზე

19 აგვისტო, 2022 • 811
ადასტურებს, რომ „ოცნება“ რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს – დეკანოიძე ISFED-ზე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) არდაშვება იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს.

ამის შესახებ მან დღეს, 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში არ არის რომელიმე რეკომენდაციის შესრულება.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“.

ასევე, სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები და მიზანმიმართული თავდასხები აშშ-ისა, ევროკავშირის ელჩებზე, ასევე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არის დასტური იმის, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება.

„პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არამხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით. საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის.

სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრონციპი დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არცერთი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც სამართლიან არჩევნებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კონდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესამუშავებლად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


8 აგვისტო, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება არის პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით,  სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED).

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია, სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

თავად „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს.

დეპუტატები ეჭვობენ, რომ “ოცნებას” სამუშაო ჯგუფებში მარტო დარჩენა სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი