საზოგადოება

დეპუტატები ეჭვობენ, რომ “ოცნებას” სამუშაო ჯგუფებში მარტო დარჩენა სურს

18 აგვისტო, 2022 •
დეპუტატები ეჭვობენ, რომ “ოცნებას” სამუშაო ჯგუფებში მარტო დარჩენა სურს

დღეს, 18 აგვისტოს, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება არის პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით,  სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED).

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

ვინ და როგორ დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი

4 აგვისტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა, მათ შორის ერთ-ერთი მუშაობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე.

იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არიან ჩართული.

კერძოდ, სამუშაო ჯგუფებში ჩართვა შეუძლიათ იმ არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები არიან. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა პროფილის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრები არიან საია და ISFED, რომლებიც პლატფორმამ პარლამენტს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის წარუდგინა.

თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ დღეს ჯგუფში სამუშაოდ ISFED-ის წარმომადგენლები არ დაუშვა.

მიქანაძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამ პროცესში ISFED-ის ჩართვა „ქართული ოცნებისთვის“  მიუღებელი იყო და ამის მიუხედავად, პლატფორმამ საიასთან ერთად მაინც ISFED წარუდგინეს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ბოლო შეკრების დროს ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის, მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში მონაწილეობას.

შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციის პრინციპით სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერ ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ვთვლით, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვის“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ.

იმას, რომ „ოცნებამ“ ISFED-ის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა წინასწარ გააფრთხილა, ადასტურებს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც. მისი თქმით, მიუხედავად მმართველი გუნდის პოზიციისა, გუშინ პლატფორმის საბჭომ კონსენსუსით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ჯგუფში საია და „სამართლიანი არჩევნები“ ყოფილიყო წარმოდგენილი.

„არცერთ პარტიას და ხელისუფალს არ აქვს უფლება ჩაერიოს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში. ეს უხეში ჩარევა არის პოლიტიკური დევნა იმ ორგანიზაციისა, რომელთა მიმართებაშიც ხელისუფლება ანგარიშსწორებას აპირებს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შესვლამდე.

შეხვედრაზე შესულმა საიას წარმომადგენლებმა კი სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვების საკითხი დააყენეს და ამის შემდეგ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სიმონიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ისეთი დიდი გამოცდილების მქონდე ორგანიზაცია არ იქნა დაშვებული, როგორიც ISFED-ია.

საიას თავმჯდომარის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და ზიანს აყენებს პროცესს, ასევე, უგულებელყოფს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

სიმონიშვილის თქმით, საიას არ დაუყენებია ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის აღებას თავადაც იზიარებდა EU-ს წვერობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების გამო.

„ოცნების“ გადაწყვეტილებას  სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვად და კრიტიკული პოზიციის გამო დევნად აფასებს თავად ISFED.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია არ დაუშვას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ამ პროცესს აზიანებს.

მისი თქმით,  ISFED-ს სურდა, საკუთარი გამოცდილება ამ პროცესის დასახმარებლად გამოეყენებინა.

„ოცნებას“ სურს, სამუშაო ჯგუფი ყველამ დატოვოს და მარტო დარჩეს

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვებას უსამართლოდ მიიჩნევს პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ მიაჩნია, რომ  ISFED აღნიშნულ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს.

„მათ მიმართ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება სამართლიანად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პიროვნებას რა ხედვა, ან რა პოლიტიკური გემოვნება აქვს, ეს არ უნდა აისახოს ორგანიზაციის მიმართ გადაწყვეტილებაზე. ISFED ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო საკითხების განხილვებში და, ვფიქრობ, მისი ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აქედან გამომდინარე, მეც ვთხოვე მმართველ პარტიას, რომ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას და შემდგომი შეხვედრისთვის იქნებ გაირკვეს ეს საკითხი. თავის მხრივ, ISFED აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან მმართველი პარტიის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება მათი მხრიდან არ მომხდარა. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რა დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შეთანხმება არაფერზე შედგეს. მისი თქმით, „ოცნების“ მიზანია, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და  მათი რადიკალიზაცია მოხდეს.

როგორც  ხვიჩიამ თქვა, დღესაც მთელი შეხვედრის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნების“ დასწრების საკითხი ირჩეოდა და „ოცნებას“ სერიოზული საუბრის დაწყების პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ გააჩნია”.

„ჩემი კრიტიკული პოზიცია გამოვთქვი და ვუთხარი “ქართულ ოცნებას”, მე მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს. რადგან ვიცით, რომ განსაკუთრებით ამ პუნქტთან [საარჩევნო სისტემის რეფორმირება] დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის და „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების ჯგუფში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არ გინდა რაიმე შეთანხმებას მიაღწიო”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ოცნების“ მიზნებთან დაკავშირებით მსგავსი მოსაზრება აქვს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ანა ბუჩუკურს. მისი თქმით, „ოცნებას“ სურს, რომ სამუშაო ჯგუფებში მარტო დარჩეს.

მისი თქმით, ISFED-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც პროცესისთვის დამაზიანებელია, ვინაიდან ევროკავშირის მოთხოვნა პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა.

„ქართული ოცნების“ არგუმენტაცია, რომ არ მოსწონთ, ISFED-ის ხელმძღვანელი რომ იდგა სცენაზე, აბსურდია. ნებისმიერ ჩვენგანს არ მოსწონს ბევრი რამ. მეც არ მომწონს „ქართული ოცნება“, რომ მომწონდეს, არ დავტოვევბდი პარტიას. მაგრამ აქ მოწონება/არმოწონებაზე არ არის საქმე.

დღეს არ იყო პირველი შემთხვევა, მე, მაგალითად, მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფშიც გამიჩნდა განცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, სამუშაო ჯგუფი ყველამ დატოვოს და მარტო დარჩეს. იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ საქმე იოლდება და, როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, თითს გაიშვერს, მაგალითად, ოპოზიციისკენ და სხვისკენ. ხშირ შემთხვევაშიც გამოსდის, რომ მისი პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს“, – განაცხადა „ფორმულასთან“ ანა ბუჩუკურმა.

კრიტიკის საპასუხოდ კი „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ნეიტრალიტეტი დაკარგა, ამ პროცესში ჩართულობისთვის მისაღები ვერ იქნება. მისი თქმით, თუ ISFED პოლიტიკურ მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნება, კარი ღიაა

„თუ „სამართლიანი არჩევნები” ამბობს, რომ ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ, განცხადება გააკეთონ. ჩვენი კარი ღიაა. მიტინგები არ გრძელდება, თუმცა მოთხოვნები ამ ადამიანების მხრიდან კვლავ აქტუალურია. თუ ისინი არ არიან ამ მოთხოვნების მონაწილე, მარტივია, ამ პროცესს საჯარო განცხადებით გაემიჯნონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ და ფაქტია, რომ რჩებიან ამ განცხადების მონაწილედ”,- განაცხადა მიქანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი