ახალი ამბები

გავერთიანდეთ, გავხადოთ 2023 წელი საზეიმო ევროპული საქართველოსთვის – პრეზიდენტი

18 აგვისტო, 2022 •
გავერთიანდეთ, გავხადოთ 2023 წელი საზეიმო ევროპული საქართველოსთვის – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გაერთიანებისკენ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას, – ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, – პარლამენტს, აქედან, დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა 18 აგვისტოს ნიკო ნიკოლაძის დაბადების ადგილიდან.

„ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს, ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს დამთხვევა ალბათ, არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პუბლიცისტი და პოლიტიკოსი ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერი იყო და ქალაქს 1894-1914 წლებში მართავდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვებით, – რომელიც ხშირად უსვამს ხაზს, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, – „ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში“.

„ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, – „ამისთვის უნდა გავმართოთ, ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არამხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

„ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის არ ეკუთვნის, არც მე, და ეკუთვნის ქვეყანას, რომელსაც ემსახურებოდა, და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას. ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი