პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია კარგა ხანია სამუშაო ჯგუფების არევის „მიზეზს“ ეძებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა იმ ინიციატივების განხორციელება, რაც 12 პუნქტის რეალურ შესრულებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას უზრუნველყოფს და „მიზეზებს“ ხელოვნურად ქმნის.
„ამ მიზნით, ჯერ ჯგუფებში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობის აკრძალვა დააანონსეს, თითქოსდა საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მოტივით. ახლა მიზეზს ეძებენ, ჯგუფებიდან მოიშორონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სათანადოდ წარმოდგენა ოცნების მხრიდან ამ დრომდე არ იყო უზრუნველყოფილი.
ანალოგიურად, ოცნების ინტერესია ის პარალელური პროცესი, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აწარმოებს. პირველივე დღიდან ვითხოვდით სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების დროულ და სათანადო ჩართულობას. სხვაგვარად პროცესი ვერ იქნება ინკლუზიური და ვერ შესრულდება 12 პუნქტის შესაბამისი პუნქტი ინკლუზიურობაზე. ეს უნდა ოცნებასაც“, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) არ მიიწვია.
“სამართლიანი არჩევნებია” ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი პროფილი სწორედ საარჩევნო საკითხებია.
თუმცა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ISFED ნეიტრალური ორგანიზაცია არაა, რადგან ივნისში გამართულ აქციებზე მისი წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
ამასთან, “სამართლიანი არჩევნები” არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საიასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პარლამენტს აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ წარუდგინა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით კი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები იქნებიან ჩართული.
“არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთონ, თუკი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე შეკრების დროს ისინი შეუერთდნენ მთავრობისა და პრემიერის გადაყენების და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნას.
შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში”, – განაცხადა მიქანაძემ.
თავის მხრივ, დღეს პარლამენტში მყოფმა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟულიენ კრამპსმა მედიასთან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.