საზოგადოება

“ოცნებამ” სამუშაო ჯგუფში ISFED დაბლოკა, სხდომა პროტესტის ნიშნად საიამაც დატოვა

18 აგვისტო, 2022 • 1342
“ოცნებამ” სამუშაო ჯგუფში ISFED დაბლოკა, სხდომა პროტესტის ნიშნად საიამაც დატოვა

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) არ მიიწვია.

“სამართლიანი არჩევნებია” ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი პროფილი სწორედ საარჩევნო საკითხებია.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრი 2 ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა სხვადასხვა პროფილის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პარლამენტს აღნიშნულ ჯგუფში სამუშაოდ ISFED-ის და საიას ჩართვა შესთავაზა.

თუმცა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ISFED ნეიტრალური ორგანიზაცია არაა, რადგან ივნისში გამართულ აქციებზე მისი წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

“არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთონ, თუკი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე შეკრების დროს ისინი შეუერთდნენ მთავრობისა და პრემიერის გადაყენების და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნას. შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში”, – განაცხადა მიქანაძემ.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების”( ISFED) არდაშვების გამო, აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.

როგორც საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ ISFED-ის არდაშვება ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. სიმონიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც მის კოლეგებს არ უშვებენ. როგორც სიმონიშვილი აცხადებს, აღნიშნული ჯგუფის შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საია კონსულტაციებს გაივლის.

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მმართველმა გუნდმა მიიღო. მიუღებელი და დაუშვებელია, ნებისმიერი პარტია სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ერეოდეს ასეთი უხეში ფორმით და ცდილობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და ზიანს აყენებს პროცესს. ასევე, უგულებელყოფს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

სიმონიშვილის თქმით, საიას არ დაუყენებია ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის აღებას თავადაც იზიარებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი