პროკურორი ნათია ნოზაძე აცხადებს, რომ ლაშა ნაკაიძის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ნივთიერიც.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანის გადაწყვეტილებით, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. დაცვის მხარე პროცესზე აღკვეთის სახით გირაოს ითხოვდა
„როგორც მახსოვს, 1000 ლარის ოდენობით “, – ამბობს პროკურორი.
“დაზარალებულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და დაზიანებებზე, რომელიც აღენიშნება სხეულზე, გაიცემა შესაბამისი დასკვნა, რომელშიც დეტალურად აღიწერება ყველაფერი, იქნება ეს მოტეხილობა თუ სხვა. საქმის სპეფიციკურობიდან გამომდინარე შინაარსობრივ მხარეს ვერ მოგახსენებთ. საქმეში არის არაერთი მტიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტიცებულებები და სხვა. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით სხვა მტკიცებულებების მოპოვება”, – აცხადებს პროკურორი.
დაზარალებულზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ „მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”.
წინასწარი პატიმრობა საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში იქნება. თუ სასამართლო მას გაამართლებს, საპატიმროს დატოვებს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პატიმრობაში დარჩება.
მომდევნო სხდომა 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით. გამოძიების თანახმად, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – “დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.
აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”. ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებს. ნეტგაზეთმა ჰკითხა პროკურორს, შეიძლება თუ არა ბრალი კიდევ უფრო დამძიმდეს, ნოზაძე განმარტავს, რომ დამატებითი დასაბუთებისა და მტკიცებულების შემთხვევაში კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს.