ახალი ამბები

იძალადა სექსუალურად და ფიზიკურად, ემუქრებოდა მოკვლით – პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა

17 აგვისტო, 2022 •
იძალადა სექსუალურად და ფიზიკურად, ემუქრებოდა მოკვლით – პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “მთავარი არხის” ყოფილ ჟურნალისტ ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაზარალებულმა სამართალდამცველებს 16 აგვისტოს მიმართა. ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ნაკაიძის ადვოკატის თქმით, ნაკაიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი