რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2022 წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაჩაბელი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლევან მაჩაბელი ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიურ მუშაობას განაგრძობს.