ახალი ამბები

„არაკორექტულია“ – წილოსანი დეგნანის განცხადებაზე

17 აგვისტო, 2022 • 689
„არაკორექტულია“ – წილოსანი დეგნანის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, არაკორექტულია აშშ-ის ელჩის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების „გავრილოვის ღამედ“ მოხსენიება.

ამის შესახებ მან დღეს, 17 აგვისტოს, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ვთვლი, რომ პარლამენტის შტურმის ფაქტის „გავრილოვის ღამედ“ მოხსენიება არ არის კორექტული და იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელი შეიძლება იყოს ეს, გაეცემა კონკრეტული პასუხები. ეს, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „უგუნურ კონსპირაციას“ უწოდებს „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარების ბრალდებას სასამართლო სისტემაში „ჩარევის“ შესახებ და აცხადებს, რომ არ იცის, ეს ჯგუფი „ვის ან რას წარმოადგენს“.

ელჩმა ასევე უპასუხა „ოცნებიდან“ წასულების ბრალდებებს იმის შესახებაც, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს:

„მნიშვნელოვანია, ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, – გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები… აი, აქედან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მის დამარცხებაში“, – განაცხადა ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი