ახალი ამბები

რუსეთი ტყვეების სოცქსელებს პროპაგანდისთვის იყენებს – CNN

18 აგვისტო, 2022 •
რუსეთი ტყვეების სოცქსელებს პროპაგანდისთვის იყენებს – CNN

რუსმა სამხედროებმა ხერსონიდან გატაცებული უკრაინელი კაცის სოციალური მედია ანტიუკრაინული და კრემლისტური პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენეს. 55 წლის იგორ კურაიანი უკვე თავისუფალია, თუმცა მისი მსგავსი ისტორია გადახდა სხვა არაერთ უკრაინელს, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევიან.

როგორ შეიცვალა ბაღის ფოტოები კრემლისტური პროპაგანდით

ხერსონელ იგორ კურაიანს ბაღი აქვს, რომლის ფოტოებსაც რუსეთის აგრესიამდე აქტიურად უზიარებდა “ფეისბუკის” თუ “ინსტაგრამის” აუდიტორიას. მისი პროფილი სავსე იყო ბროწეულის, ავოკადოსა და ფერადი ყვავილების ფოტოებით.

25 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, კურაიანმა გამოაქვეყნა სელფი, რომელშიც იარაღით ხელში ჩანს და ასე აუწყა საზოგადოებას, რომ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს უერთდებოდა.

კურაიანმა რამდენიმე კვირის მანძილზე იცხოვრა რუსეთის მიერ მარტის დასაწყისიდან ოკუპირებულ ხერსონში და ანტისაოკუპაციო აქციებსაც უერთდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, CNN-ის თანახმად, კაცი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.

მის სოციალურ მედიაშიც იმ დროიდან დაიწყო უცნაური ცვლილებები. თავდაპირველად, გამტაცებლები მის პროფილებზე აქვეყნებდნენ პროუკრაინულ, პატრიოტულ მასალებს, მაგალითად, 2014 წელს გადაღებულ მის ფოტოებს დონბასიდან, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარებოდა პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლისას.

მსგავს მასალებს უცნაური ვიდეოები მოჰყვა. როგორც CNN წერს, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა “გაფითრებული” იგორ კურაიანი ორ შეიარაღებულ კაცთან ერთად, რომელთაგან ერთს უკრაინის დროშა ეჭირა, მეორეს კი — უკრაინის ნაციონალისტურ მოძრაობასთან ასოცირებული შავ-წითელი დროშა. ვიდეოში კურაიანი ამბობდა, რომ ოკუპირებულ ხერსონში საპროტესტო აქციების გამართვას აზრი არ ჰქონდა და ქალაქში ტერიტორიული თავდაცვის ძალების დანაყოფი დაიშალა.

ფოტოასლი პროპაგანდისტული ვიდეოდან, რომელიც, იგორ კურაიანის ცნობით, მისმა გამტაცებლებმა გამოუქვეყნეს “ტიკტოკზე”

კიდევ ერთ ვიდეოში კურაიანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გმობდა და თავის თანამემამულეებს დანებებისკენ მოუწოდებდა; ამბობდა, რომ წინააღმდეგობა უსარგებლო იყო და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს სთავაზობდა, დაეყარათ იარაღი.

იგორ კურაიანის შვილი, 23 წლის ჟურნალისტი კარინა აღნიშავს, რომ რუსმა სამხედროებმა მამამისის სოციალური მედია გამოიყენეს, დაინახეს რა, რომ კაცი აქტიური იყო “ფეისბუკზე”.

“მათ ის “ტიკტოკზე” დაარეგისტრირეს — მამაჩემმა არც კი იცის, რა არის “ტიკტოკი”. უნდოდათ, მისგან მარიონეტი გამოეძერწათ”, — დასძენს ის.

იგორ კურაიანი პატიმართა გაცვლის დროს, აპრილის ბოლოს, გათავისუფლდა ტყვეობიდან, რის შემდეგაც მისი პროფილებიდან პრორუსული მასალები წაიშალა.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ კურაიანი ამერიკულ მედიას უყვებოდა, რომ ტყვეობისას სცემდნენ და აწამებდნენ. როგორც ამბობს, რუსები ასევე იყენებდნენ მის ტელეფონს, რათა შეეღწიათ სოციალური მედიის ანგარიშებში და აეტვირთათ მასალები, რომელთა გამოყენებითაც კურაიანს მოღალატედ ქცეულ პატრიოტად წარმოაჩენდნენ.

“რუსებმა შემომთავაზეს უკრაინის ღალატი, მათთან თანამშრომლობა. მათ სურდათ, ეჩვენებინათ,  რომ აი, ეს არის პატრიოტი, შემდეგ კი მან უღალატა თავის ქვეყანას”, — დასძინა კურაიანმა. მისი თქმით, რუსები ეუბნებოდნენ, რომ ხერსონში ცნობილი ადამიანი იყო და სურდათ, მერად დაენიშნათ.

როგორ მუშაობს ტაქტიკა

უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც რუსებმა თვალი აუხილეს, რის შემდეგაც ის პრორუსი გახდა, გააცნობიერა რა, თუ რისთვის იბრძვის რუსეთი — უკრაინის “სტრატკომის” ხელმძღვანელის მოადგილის, მიკოლა ბალაბანის თქმით, რუსეთის ძალებს სურთ, სწორედ ასეთი სურათი დახატონ იგორ კურაიანისგან და მისი მსგავსი უკრაინელებისგან.

ბალაბანი CNN-ს ეუბნება, რომ ომის დასაწყისში, “ბლიცკრიგის” ფაზაში, რუსული პროპაგანდა მთელი უკრაინის მასშტაბით, “ნაციონალურ დონეზე” მუშაობდა, თუმცა შემდგომ რუსეთმა ეს ძალისხმევა ლოკალურ მასშტაბებზე მიმართა.

“ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ადგილობრივი მოსახლეები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ უკრაინამ ისინი მიატოვა”, — დასძენს ის.

ბალაბანის თქმით, რუსეთის ახალი სტრატეგიაა, რეალური ადამიანების სოციალური მედია გამოიყენოს პროპაგანდისთვის, — იმის მიუხედავად, ამ ადამიანებს სურთ ეს თუ არა, — მეტ რესურსს მოითხოვს და გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ტროლებისა და ბოტების გამოყენების პრაქტიკა.

უკრაინის “სტრატკომი” ფაქტების გადამმოწმებელ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობს, რათა დააკვირდეს იმ უკრაინელთა სოციალურ მედიის პროფილებს, რომლებიც გატაცების რისკის ქვეშ არიან.

CNN-მა მიაგნო მინიმუმ ხუთი გატაცებული უკრაინელის ანგარიშებს “ფეისბუკზე” , რომლებზეც რუსეთის მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდება. არის შემთხვევები, როცა უშუალოდ გატაცებულები ჩანან პროპაგანდისტულ ვიდეოებში. ყველა მათგანი საჯარო ფიგურაა — ადგილობრივი აქტივისტები, ოფიციალური პირები თუ ვეტერანები.

კადრი რუსული НТВ-ს სიუჟეტიდან. სწორედ აღნიშნულ სიუჟეტში ამოიცნო იგორ კურაიანი მისმა შვილმა, რის შემდეგაც ინფორმაცია უკრაინაში მოქმედ ცხელ ხაზს გადასცა. 

ხსენებულ პირებს, ოჯახების თქმით, ამ დრომდე ვერ პოულობენ. კურაიანს გაუმართლა: ის რუსული პროპაგანდისტული ტელემედიის მიერ გადაღებულ სიუჟეტში გამოჩნდა, რომელიც აღწერდა, როგორ “კარგ პირობებში” იმყოფებოდნენ უკრაინელი ტყვეები.

კადრებმა იგორის შვილამდე, კარინა კურაიანამდე მიაღწია, ამ უკანასკნელმა კი ინფორმაცია უკრაინაში მოქმედ ცხელ ხაზს გადასცა. რამდენიმე დღის შემდეგ კარინას უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დაურეკა და აცნობა, რომ მამამისი თავისუფალი იყო.

“ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ”, — აღნიშნავს კარინა.

გარეკანის ფოტოზე: იგორ კურაიანი. © Facebook/Руслан Кураян

მასალების გადაბეჭდვის წესი