ახალი ამბები

ატომურ სადგურზე ნებისმიერ ინციდენტი შეიძლება დარტყმა იყოს EU-სთვის, საქართველოსთვის და თურქეთისთვის – ზელენსკი

16 აგვისტო, 2022 •
ატომურ სადგურზე ნებისმიერ ინციდენტი შეიძლება დარტყმა იყოს EU-სთვის, საქართველოსთვის და თურქეთისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი “რადიაციული ინციდენტი” საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე, საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ამის შესახებ ზელენსკიმ გუშინ, 15 აგვისტოს საკუთარ მიმართვაში ისაუბრა.

“თუ ტერორისტული სახელმწიფო საკუთარ თავს უფლებას აძლევს, სრულიად უგულებელყოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები, მით უმეტეს, ასეთ სენსიტიურ თემაზე, ეს ნათლად მიუთითებს დაუყოვნებლივი მოქმედების აუცილებლობაზე. ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შეიძლება იყოს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსა და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვისაც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სიძლიერეზე. თუ კატასტროფა მოხდება რუსეთის ქმედებების გამო, შედეგებმა შესაძლოა დააზიანოს ისინიც, ვინც ახლა ჩუმად არიან”, – განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “რუსეთის ატომურ შანტაჟზე” შესაბამისი განცხადებები გაკეთდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდანაც.

“მათ კარგად ესმით, რომ ამ ატომურ კრიზისზე პასუხისმგებელი რუსეთია. თუმცა საჭიროა გამოსვლა დისკუსიებიდან და რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებიდან… რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ სადგური და მიმდებარე ტერიტორიები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ; უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

6 აგვისტოს „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსებმა სადგურს ცეცხლი 11 აგვისტოსაც გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი