ახალი ამბები

ჩნდება ეჭვი, რომ არხები კანონს გამიზნულად არღვევენ, რათა შეზღუდვაში დაგვადანაშაულონ – ComCom

16 აგვისტო, 2022 • 769
ჩნდება ეჭვი, რომ არხები კანონს გამიზნულად არღვევენ, რათა შეზღუდვაში დაგვადანაშაულონ – ComCom

კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ საჩივართან დაკავშირებით სამი ოპოზიციური ტელეარხის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს არ უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

კომისია გამოთქვამს ეჭვს, რომ „ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს“, რათა შესაბამის რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისია მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულონ.

რა ხდება

„ქართულმა ოცნებამ“ სამ ტელეარხს – „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ – კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა 2022 წლის 23-24 ივნისს მათ ეთერში გასული რეკლამის გამო.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ეს რეკლამა,  რომელიც „სირცხვილიას“ პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა მოქალაქეებს,  წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. „ოცნების“ პოზიციით, ამ რეკლამის გაშვებით კანონი დაირღვა, რადგან 23-24 ივნისი არაწინასაარჩევნო პერიოდი იყო, ხოლო წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება არასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევაა.

ტელეარხები კი ამბობენ, რომ ეს იყო სოციალური რეკლამა და მისი გაშვებით კანონი არ დარღვეულა, ხოლო კომუნიკაციების კომისიამ საერთოდ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი.

კომუნიკაციების კომისიამ 11 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე დასაშვებად ცნო „ქართული ოცნების ოცნების“ საჩივარი სამი ოპოზიციური არხის– „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ.

ტელეარხები: „ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედება“

ამის შემდეგ, 12 აგვისტოს, ტელეარხებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც წერენ, რომ „ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად“ და „უკანონოდ და დაუსაბუთებლად“ მიიჩნევენ 11 აგვისტოს გადაწყვეტილებას.

ამ გადაწყვეტილების მიზანი, სამი ტელევიზიის თანახმად, „კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა“.

მათი პოზიციით, „ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას“.

ტელეარხებმა განაცხადეს, რომ „კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

„გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონთან“ – კომისია

16 აგვისტოს ტელეარხების განცხადებას კომუნიკაციების კომისიამ უპასუხა და განაცხადა, რომ მისი „ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“.

კომისიის თანახმად, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც „არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან“, ხოლო სამაუწყებლო რეკლამის ეთერში განთავსებას კანონის მიხედვით მკაფიო წესები აქვს.

მარეგულირებელი აცხადებს, რომ „სამაუწყებლო რეკლამის განთავსების მართლზომიერების გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა“ და, შესაბამისად, „როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი სწორედ კომუნიკაციების კომისიის განსახილველია“.

„გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური და პოლიტიკური რეკლამა კომისიის საზედამხედველო არეალშია, არ არსებობდა სადავო ვიდეორგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 11 აგვისტოს გაიმართა მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა, ხოლო ზეპირ მოსმენაზე არსებითი განხილვისას „შეაფასებს უშუალოდ სადავო ვიდეორგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით“.

კომისიამ საქმის არსებითი განხილვის სხდომა 2022 წლის 23 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა.

16 აგვისტოს განცხადებაში უწყება წერს იმასაც, რომ „კომუნიკაციების კომისიის მიდგომა და გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა იციან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ“.

„პოლიტიკური დევნა“

ოპოზიციური ტელეარხები ამ საჩივარს კრიტიკულ მედიაზე მორიგ შეტევად განიხილავენ; ამბობენ, რომ „კლიპში „ქართული ოცნების“ ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება აქტიურად ეწევა ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას, კლიპმა კი „ქართული ოცნება“ გააღიზიანა“.

ტელეარხები ამბობენ, რომ „თუ ამ რეკლამის შინაარსი მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისთვის“, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არა მაუწყებლის ,არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ უნდა გაეგრძელებინა“.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ საგანგაშოდ მიიჩნია მმართველი პარტიის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ეს „პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია“.

„პროდასავლური კლიპის გამო მაუწყებლების დასჯა იქნება უდიდესი ზიანი ქართული მედიაგარემოსთვის“, – განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ 11 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი