ახალი ამბები

„ოცნების“ საჩივარი 3 არხის წინააღმდეგ დასაშვებად ცნეს

11 აგვისტო, 2022 • 1144
„ოცნების“ საჩივარი 3 არხის წინააღმდეგ დასაშვებად ცნეს

კომუნიკაციების კომისიამ 11 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე დასაშვებად ცნო „ქართული ოცნების ოცნების“ საჩივარი სამი ოპოზიციური არხის, – „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ.

დღეს მხოლოდ საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა და არ უმსჯელიათ დავის არსებით ნაწილზე. კომისია დღეს განიხილავდა, არის თუ არა ეს საკითხი მის კომპეტენციაში და არის თუ არა „ქართული ოცნება“ დაინტერესებული პირი.

კომისიის სხდომა საკითხის არსებითად განსახილველად (ზეპირი მოსმენა) 23 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

რა წერია საჩივარში

„ქართული ოცნების“ საჩივარში, რომელიც, ტელეარხების თანახმად, 8 აგვისტოს მიიღეს კომისიისგან, წერია, რომ 2022 წლის 23-24 ივნისს „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. რეკლამა, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის, 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა მაყურებელს.

„ქართული ოცნების“ პოზიციით, რეკლამიდან აშკარად ჩანს, რომ ის „მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში „ქართული ოცნების“ არჩევისთვის ხელშეშლას“; ასევე, პარტიის თანახმად, რეკლამა „ქართული ოცნების“/ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას“.

„ქართული ოცნება“ წერს, რომ ამ პერიოდში საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, საარჩევნო რეკლამა კი მკაცრადაა დარეგულირებული. შესაბამისად, 23-24 ივნისს, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება არის კანონდარღვევა.

მმართველი გუნდი, – რომელსაც კომისიის სხდომაზე იურისტი სერგი ჯორბენაძე წარმოადგენდა, – ტელეარხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

„პოლიტიკური დევნა“

ოპოზიციური ტელეარხები ამ საჩივარს კრიტიკულ მედიაზე მორიგ შეტევად განიხილავენ; ამბობენ, რომ „კლიპში „ქართული ოცნების“ ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება აქტიურად ეწევა ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას, კლიპმა კი „ქართული ოცნება“ გააღიზიანა“.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ საგანგაშოდ მიიჩნია მმართველი პარტიის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ეს „პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია“.

„პროდასავლური კლიპის გამო მაუწყებლების დასჯა იქნება უდიდესი ზიანი ქართული მედიაგარემოსთვის“, – განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ 11 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

„ფორმულას“ ინტერესებს სხდომაზე დღეს მარინე კაპანაძე იცავდა, რომელმაც განაცხადა, რომ დასაშვებობის კრიტერიუმები არ კმაყოფილდებოდა და კომისია არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ეს საკითხი. „ჩვენი პოზიციით, ვიდეოკლიპი არის სოციალური რეკლამა“.

„ჩვენი პოზიციით, კანონმდებლობაში არ არსებობს რაიმე რეგულირება, რომელიც კომისიას უფლებას მისცემდა, იმსჯელოს რეკლამის განთავსების საკითხზე არაწინასაარჩევნო პეროიდში“, – განაცხადა მან.

ამასთან, „ფორმულას“ პოზიციით, კლიპი ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს და არა „ოცნების“ რიგით წევრებს, ამიტომ პარტია არ უნდა ჩაითვალოს დაინტერესებულ პირად. „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემაც განაცხადა, რომ კლიპში არც მათი პარტიის მაიდენტიფიცირებული ნიშნები ან ფერებია მოცემული.

„ტვ პირველის“ წარმომადგენელმა ქეთევან ზანდუკელმაც განაცხადა, რომ თუკი კომისია სადავო რეკლამას მიიჩნევს სოციალურ რეკლამად, მაშინ მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებზე შეიძლება იმსჯელოს და არა შინაარსზე.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, როდესაც „მთავარ არხში“ „სირცხვილიას“ აღნიშნული ვიდეორგოლი მოიტანეს, არხის მესვეურებმა ის შეამოწმეს, და რახან „არ იყო პოლიტიკური და წინასაარჩევნო შინაარსის მატარებელი“, როგორც სოციალური რეკლამა, ისე იქნა ჩაშვებული სატელევიზიო ბადეში.

მისი განმარტებით, „თავად რეკლამა არ იყო მიმართული ხანგრძლივ პერიოდზე; რეკლამის მიზანი იყო, კონკრეტულ თარიღში ადამიანები მისულიყვნენ პარლამენტის წინ და მონაწილეობა მიეღოთ საპროტესტო აქციაში, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით არის დაცული“.

კომისიის გადაწყვეტილება

სერგი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ის საკითხები, რაზეც ტელეარხების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, არსებითი განხილვის ნაწილი უნდა იყოს და ამიტომ კომისიამ დასაშვებად უნდა ცნოს საჩივარი და შემდეგ მოხდეს განხილვა.

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელმა თეა კაველაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის დაინტერესებული პირი. მისი თქმითვე, ჩაითვლება თუ არა კლიპი პოლიტიკურ რეკლამად, არის შეფასების საკითხი და დეპარტამენტის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, რაც არსებითად განხილვის საკითხია.

კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ამ საკითხებზე მსჯელობა მოხდება და ამიტომ ეთანხმება სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი