საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის იმპორტიორებისგან მთავრობამ მიიღო დაპირება, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე საწვავის ფასები 20-30 თეთრით დაიწევს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ლარის კურსის გამყარებისა და პლაცზე [საწვავის საერთაშორისო ფასი] ფასების კლების ფონზე, კონკურენციის სააგენტოს მიმართა რეკომენდაციით, რომ ჩაატარონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება:
“საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან მუშაობა გავააქტიუროთ. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისირება- რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი კონკურენციის წესებს და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა.
ჩვენ გავაგრძლეებთ მუშაობას. იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ მიუხედავად ივლისში და აგვისტოში ფასის 10-10 თეთრით დაკლებისა, კიდევ მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში, 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მოქალაქეებს მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ, თუ როგორ მუშაობენ იმპორტიორები.