ახალი ამბები

არ შეიძლება ევროპა სუპერმარკეტად გადაიქცეს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ შევა – ზელენსკი რუსეთის მოქალაეებზე

13 აგვისტო, 2022 • 1112
არ შეიძლება ევროპა სუპერმარკეტად გადაიქცეს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ შევა – ზელენსკი რუსეთის მოქალაეებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.

ზელენსკის თქმით, არ შეიძლება ევროპა სუპერმარკეტად გადაიქცეს,  სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემოდის და მთავარია ადამიანმა უბრალოდ პროდუქტის ფული გადაიხადოს.

მისი თქმით, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთს მხოლოდ როგორც ტერორისტულს სახელმწიფოს, ისე უნდა მიუდგნენ და რუსეთის მოქალაქეების მიმართ  მიდგომაც სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შეარჩიონ.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჩეხეთს, ბალტიისპირეთის და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხზე ევროპაში დისკუსია ოფიციალურ დონეზე წამოწიეს.

„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები, სახელმწიფო ტერორის ხელმძღვანელები, არ გამოიყენებენ შენგენს. მეორე, ჩვენ არ უნდა გავანადგუროთ ევროპის იდეა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები.

არ შეიძლება ევროპის სუპერმარკეტად გადაქცევა, რომელშიც არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემოდის და  მთავარია, ადამიანი უბრალოდ იხდის პროდუქტისთვის. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები სამართლიანია. ევროპული ღირებულებების ყველა დამცველმა ეს დაჟინებით უნდა მოითხოვოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში არიან მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დევნის გამო ნამდვილად სჭირდებათ დაცვა საზღვარგარეთ.

„მათ უნდა მიიღონ დახმარება ცივილიზებული სამყაროსგან. ეს არის ცნობილი სამართლებრივი მექანიზმები – თავშესაფრის მოთხოვნის და მხარდაჭერის სხვა შესაძლებლობების მეშვეობით. მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, ვისაც დევნიან. და ეს არ უნდა ეხებოდეს რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებისთვის ევროპა ტურიზმის, გართობისა და ბიზნესის კეთების საშუალებაა. თქვენ არ შეგიძლიათ იმუშაოთ ტერორისტული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის მთავრობა ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ამავე აზრს იზიარებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა გამკაცრდეს, რადგან ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. შესაძლოა, ეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტშიც მოექცეს. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების აღარ გასცემს, ესტონეთია.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომია. მისი თქმით, თუ აკრძალვა ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათ შორის „უდანაშაულო“ მოქალაქეების, მაშინ ეს შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი