ახალი ამბები

შოლცი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს

11 აგვისტო, 2022 • 914
შოლცი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ მან დღეს, 11 აგვისტოს, გერმანიის კანცლერის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომია.

„ეს არის პუტინის ომი. და ამიტომ მიჭირს, ამ აზრს დავეთანხმო“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო პერსონალური სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვში, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში არიან.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამას“, – თქვა ოლაფ შოლცმა.

თუმცა შოლცი გამართლებულად არ მიიჩნევს ყველა რუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. მისი თქმით, თუ აკრძალვა ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათ შორის „უდანაშაულო“ მოქალაქეების, მაშინ ეს შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას.

უკრაინის მთავრობა ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ამავე აზრს იზიარებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა გამკაცრდეს, რადგან ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. შესაძლოა, ეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტშიც მოექცეს. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების აღარ გასცემს, ესტონეთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი