ახალი ამბები

არაა გამორიცხული რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური სადგურის აფეთქება გადაწყვიტოს – დანილოვი

12 აგვისტო, 2022 • 1206
არაა გამორიცხული რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური სადგურის აფეთქება გადაწყვიტოს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება გადაწყვიტოს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც სადგურის ტერიტორია მარტის დასაწყისიდან აქვთ დაკავებული, ადგილზე სამხედრო ტექნიკა განალაგეს და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მათთან „საქმის გარკვევას“ შეეცდება, არაა გამორიცხული, ყველაფერი ააფეთქონ:

„ღმერთმა არ ქნას, იქ ბირთვული კატასტროფა მოხდეს. ის, რაც ჩერნობილში იყო, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზაპოროჟიის სადგურზე შეიძლება მოხდეს. ეს ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, რომელიც ექვს უზარმაზარ რეაქტორს იტევს“, – ამბობს დანილოვი.

მისი შეფასებით, ზაპოროჟიის სადგურზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამყაროს  სათანადო რეაგირება არ აქვს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, პირველ დღეებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარკვეული რეაგირება ჰქონდა, შემდეგ კი „სადღაც გაუჩინარდნენ“.

დანილოვი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ რუსეთს უნდა მოსთხოვოს, დატოვოს სადგურის ტერიტორია.

საუბარია ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც უკრაინაში მდებარობს და მარტის დასაწყისიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ადგილობრივი პერსონალი, თუმცა სადგურს გარესამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი აქვს.

უკრაინული ენერგოოპერატორის, ენერგოატომის განცხადებით, რუსეთი გეგმავს, ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანექსირებული ყირიმის ქსელს დაუერთოს, პროცესში კი სადგურს აზიანებენ.

როგორც ენერგოატომის პრეზიდენტი, პეტრო კოტინი Reuters-თან აცხადებს, რუსეთს სურდა, სადგური საკუთარ სისტემაზე დაეერთებინა, რაც ტექნიკურად რთული პროცესია და ეტაპობრივად, უკრაინული სისტემიდან გათიშვის შემთხვევაშია შესაძლებელი:

„მათი გეგმაა, დააზიანონ ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე შემავალი და გამომავალი ყველა ხაზი, რათა უკრაინის ენერგოსისტემას გამოეთიშოს“, – აცხადებს კოტინი.

როგორც The Guardian წერს, მოსკოვის მიზანია, სადგური ყირიმის ქსელს დაუერთოს. გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით 7-დან 9 აგვისტომდე პერიოდში რუსულმა ძალებმა უკვე დააზიანეს სამი ელექტროგადამცემი ხაზი და ამჟამად მხოლოდ ერთი ქსელი აგრძელებს ფუნქციონირებას, რაც ექსპერტების თქმით, ძალიან სახიფათოა მისი გამართულად მუშაობისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სადგური კავშირს დაკარგავს ბოლო უკრაინულ ელექტროსისტემის ხაზთანაც, ფუნქციონირებას გააგრძელებს დიზელზე მომუშავე გენერატორებზე, შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულები იქნება საწვავის მარაგებსა და გენერატორების გამძლეობაზე.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი