„ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა სუიციდია“ – ასე ეხმაურება გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი უკრაინაში ზაპოროჟიის ატომური სადგურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გაეროს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია.
დაბომბვა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელსაც მარტიდან რუსეთის ძალები აკონტროლებენ, პარასკევს მოხდა. მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებს როგორც უკრაინული მხარე, ასევე მოსკოვი.
უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს თქმით, ერთ-ერთი ჭურვი კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა და წყლის მიმღები დაწესებულება დააზიანა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა, სამი ჭურვი უშუალოდ სადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, დაზიანდა რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი, ასევე დაზიანდა ნაგებობა, სადაც ინახებოდა გამოყენებული ბირთვული საწვავის კონტეინერები, რომლებიც მაღალი რადიაციულობით გამოირჩევა.
ზიანის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვებას ის ფაქტი ართულებს, რომ 5 მარტის შემდეგ სადგურს რუსული მხარე აკონტროლებს და მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მუშაობენ უკრაინელი მეცნიერები და პერსონალი, გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. რუსული მხარე ამ დრომდე ადგილზე არც საერთაშორისო ექსპერტებს უშვებს სიტუაციის შესაფასებლად.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული შეტევის გამო, რომელიც ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს შეიცავს და შეიძლება დაემუქროს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.