უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ რუსეთის ომი მიმდინარეობს.
როგორც კულება ამბობს, უკრაინაში რუსი ჯარისკაცები იბრძვიან და ომს რუსების დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, რუსი ტურისტები რუსეთით დატკბნენ.
„ეს არის რუსეთის და არა მხოლოდ პუტინის ომი. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები ჩამოდიან რუსეთიდან იმისთვის, რომ მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს და მიესალმებიან უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს და უკრაინელთა მკვლელობას.
მოდით, რუსი ტურისტები დატკბნენ რუსეთით“, – დაწერა კულებამ ტვიტერზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას წიმ უძღოდა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს.
მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომია. მისი თქმით, თუ აკრძალვა ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათ შორის „უდანაშაულო“ მოქალაქეების, მაშინ ეს შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას.
უკრაინის მთავრობა ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ამავე აზრს იზიარებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა გამკაცრდეს, რადგან ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. შესაძლოა, ეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტშიც მოექცეს. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების აღარ გასცემს, ესტონეთია.