ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აფხაზეთში ჩავიდა – რა საკითხები განიხილეს

12 აგვისტო, 2022 •
რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აფხაზეთში ჩავიდა – რა საკითხები განიხილეს

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში იმყოფებოდა. აფხაზური და რუსული მედიების ცნობით, რუსმა მინისტრმა აფხაზ კოლეგასთან ერთად ის ობიექტები მოინახულა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფულით გაარემონტეს ან ააშენეს, მათ შორის, სკოლა ახალ ათონში.

“წინა კვირას ხელი მოვაწერეთ მთავრობათაშორის შეთანხმებას, რაც, შეიძლება ითქვას, ახალი ფურცელია ჩვენთვის. ჩვენ უკვე ცალკეულ საკითხებზე აღარ ვმუშაობთ – კომპლექსურად ვუდგებით პროექტებს. აღდგენის ეტაპიდან გადავდივართ განვითარების ეტაპზე”, – განაცხადა ადგილობრივ მედიასთან რუსმა მინისტრმა.

მხარეებმა, ოფიციალური ინფორმაციით, ისაუბრეს აფხაზეთის საკურორტო ქალაქებში წყალმომარაგების, კანალიზაციის საკითხებზე, რომელიც საჭიროებს ინვესტიციებს. ასევე, ენერგეტიკულ პროექტებსა და  სოხუმის აეროპორტის მშენებლობაზე [რუსეთის ეკონომიკის მინისტრი სოხუმის აეროპორტის ტერიტორიასაც ეწვია, სადაც ჩასატარებელ სამუშაოებს გაეცნო. აფხაზური მხარის ცნობით, სოხუმის ამჟამინდელი უფუნქციო აეროპორტი 2024 წელს რუსული ინვესტიციით მუშაობას დაიწყებს].

“განვიხილავთ ინვესტიციების მოზიდვისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის საკითხებს. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებებს”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.

აფხაზეთში რუსულ ინვესტიციებზე განცხადებისას, რუსმა მინისტრმა, პირველ რიგში, ტურიზმის სფეროში განსახორციელებელ ინვესტიციების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული ინვესტიციები აფხაზეთს საშუალებას მისცემს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და მთლიანობაში განვითარდეს.

ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, მხარეების განსახილველ დღის წესრიგში არ ყოფილა ბიჭვინთის ტერიტორიების გასხვისების საკითხი, თუმცა აღიშნული თემა დღეს აფხაზეთში ყველაზე სადისკუსიო საკითხებს შორისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი