ახალი ამბები

„1500 ლარი“ – ქრთამის აღების ბრალდების ხელვაჩაურის სამხედრო აღრიცხვის მოქმედი უფროსიც დააკავეს

11 აგვისტო, 2022 •
„1500 ლარი“ – ქრთამის აღების ბრალდების ხელვაჩაურის სამხედრო აღრიცხვის მოქმედი უფროსიც დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ბრალდებით ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თენგიზ ქიქავა დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ქიქავას დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.

„აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი“. გამოძიების თანახმად, აღებული თანხიდან 500 ლარი ყოფილმა უფროსმა იმავე დღეს გადასცა მოქმედ უფროსს, 200 ლარი – შუამავალს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.

თენგიზ ქიქავას 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქიქავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე საქმეზე 2 დღის წინ დააკავა სამსახურის ყოფილი უფროსი და ხსენებული მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი