ახალი ამბები

გოცირიძის მეტროსადგურის გახსნა კვლავ გადაიდო

11 აგვისტო, 2022 •
გოცირიძის მეტროსადგურის გახსნა კვლავ გადაიდო

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ გოცირიძის გახსნამ კიდევ რამდენიმე კვირით გადაიწია.

დღეს, 10 აგვისტოს კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა – „კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით, იმიტომ, რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი“.

„ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტების გაკეთება. პროექტით თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს გამოიკვეთა ძალიან დიდი პრობლემა, ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოგვიწია მთლიანად დაშლა არსებული ბაქნის და ახალი პროექტის განხორციელება“, – აცხადებს თბილისის მერი.


ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მერიამ განაცხადა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები 2020 წელს დაიწყო, 2021 წლის დეკემბერში კი უწყებამ განაცხადა, რომ სამუშაოები 3 თვეში დასრულდებოდა.

ამავე წლის დეკემბერში კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციას დამატებით 7 თვე დასჭირდება. მისი განცხადებით, მიზეზი, თუ რატომ არ დასრულდა სადგურის რეაბილიტაცია, არის „უპასუხისმგებლო კომპანია“, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ასევე- სადგურის ბაქნის ავარიული მდგომარეობა.

სადგურ გოცირიძის რეაბილიტაციას კიდევ 7 თვე დასჭირდება – კალაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი