ახალი ამბები

სადგურ გოცირიძის რეაბილიტაციას კიდევ 7 თვე დასჭირდება – კალაძე

3 დეკემბერი, 2021 •
სადგურ გოცირიძის რეაბილიტაციას კიდევ 7 თვე დასჭირდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციას დამატებით 7 თვე დასჭირდება.

მან ამის შესახებ დღეს, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მიზეზი, თუ რატომ არ დასრულდა სადგურის რეაბილიტაცია, არის „უპასუხისმგებლო კომპანია“, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ასევე- სადგურის ბაქნის ავარიული მდგომარეობა.

„ერთი, კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, ვერ შეასრულა და მოგვიწია მისი გაგდება, და მეორე, ბაქანი – რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში და ექსპერტიზამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია მისი დემონტაჟი და ახალი ბაქნის მოწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია 2020 წლის ივლისში დაიწყო. სამუშაოებს თავდაპირველად საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენის“ ადგილობრივი ფილიალი ასრულებდა.

მომდევნო 7 თვის განმავლობაში სამუშაოებს შპს „მამისონი“ განახორციელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი