ახალი ამბები

“მივესალმებით ტურისტების შემოდინებას” – კალაძე რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე

11 აგვისტო, 2022 •
“მივესალმებით ტურისტების შემოდინებას” – კალაძე რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს და ტურისტების შემოდინებას მიესალმება.

ასე უპუსახა კალაძემ კითხვას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის გამკაცრებას განიხილავენ.

კალაძის თქმით, საქართველო სანქციებს არ ურთდება და ომში არ ერთვება.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ყოველთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა გამკაცრდეს, რადგან ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა  და არა  ადამიანის უფლება. შესაძლოა, ეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტშიც მოექცეს.  ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების აღარ გასცემს, ესტონეთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი