ახალი ამბები

სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია – ადვოკატი

10 აგვისტო, 2022 •
სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ნებართვას გასცემს, სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები აშშ-დან და შვეიცარიიდან ჩამოვლენ.

ამის შესახებ მან დღეს, 10 აგვისტოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, ეს დღეები სააკაშვილი ძალიან ცუდად იყო, მას ანთებითი პროცესები, სიცხე ჰქონდა.

„ამერიკიდან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს. როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვას მივიღებთ, ჩათვალეთ, მეორე დღეს გამოფრინდება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება საააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლას, ხაჭაპურიძის თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპრეზიდენტს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია.

„ნეტარ არიან მორწმუნენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, წამოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკისგან.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან,  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი