საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, 2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია.
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ სარეკლამო შემოსავლების კლება გამოწვეულიa აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. კომისიაში აღნიშნავენ, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები წარმოადგენდნენ მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს. მათი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა და რადიოებმა აზარტული თამაშების კომპანიებისგან 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
კომისიის სტატისტიკით, ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 21.7% იყო, რაც, მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით 9.7%-თაა გაზრდილი.
„2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-თაა გაზრდილი“, – აცხადებენ კომისიაში.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა.
„მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი კი, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 0.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა.
„მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა სტატისტიკის მიხედვით, 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი კი, კომუნიკაციების კომისიის თქმით, არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 1.8 მილიონი ლარი შეადგინა.
კომისიის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 0.3 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.
“პოსტვ”-ის შემოსავალი კი, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 1 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია.
ამასთან, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. “ჯი-დი-ეს თი-ვის” სარეკლამო შემოსავალი კი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონი ლარი იყო. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით „ობიექტივის“ შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა მაუწყებლებმა, ჯამში, 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეორე კვარტალში 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 82.9% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი -16.9%, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია:
„რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი, 885 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ -156 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ კი 91.3 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ“, წინა წლის მსგავსად, 77.5 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „მდ ჯგუფს“ – 67.0 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 47.9 ათასი ლარის, ხოლო „ჩვენ რადიოს“ 47.3 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ -30.5 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ – 25.7 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმმა“ – 22.2 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს, ჯამში ,145.6 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომისია განმარტავს, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს.