სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბოლო 80 წლის განმავლობაში რეკორდულად ძლიერ წვიმას, სულ მცირე, რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ძლიერმა წვიმამ სახლები, გზები და მეტროსადგურები დატბორა, დააზიანა ელექტროგადამცემი სისტემა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. ასობით ადამიანს ევაკუაცია დასჭირდა.
ხელისუფლებამ ძლიერი წვიმის დაწყების შემდეგ განგაშის დონე უმაღლეს, მე-3 დონეზე გადაიყვანა.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი ადამიანი დატბორილ ნახევარ-სარდაფში დაიღუპა, რადგან იქიდან ვერ გამოაღწიეს.
9 ადამიანი დაშავებულია, 6 ადამიანი კი დაკარგულადაა გამოცხადებული.