ახალი ამბები

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

8 აგვისტო, 2022 •
ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა პროფესიული ეთიკისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა რუსეთის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გარიცხვას.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდა უკანონო შეჭრას.

„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი ორგანიზებულია ექვს რეგიონულ ჯგუფად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, კარიბის ზღვის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა. ჩვენი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს.

კომისარს წევრობა შეუწყდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს ჩვენი წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას“, – განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კრის ფილდმა.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან- IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი