ახალი ამბები

პრეზიდენტმა კალანდარიშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო – პაპუაშვილი

8 აგვისტო, 2022 •
პრეზიდენტმა კალანდარიშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზინდეტმა ცესკო-ს მოქმედი თავმდჯომარის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო იმით, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატად მესამედ აღარ წარადგინა.

პაპუაშვილის თქმით, კალანდარიშვილის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი არ არსებობს არცერთი შენიშვნა, რაც მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვს შეიტანდა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა პარლამენტში. ისეა წარმოჩენილი, თითქოს ერთპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ორი მესამედისთვის არ იყო საკმარისი, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გეგმა აქვს, ანუ რადიკალური გეგმა სიტუაციის არევის.

რაც შეეხება წარდგენა-არწარდგენის საკითხს, ჩემთვის გადამწყვეტი არის შემდეგი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ ამ პოზიციაზე თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ, მათ შორის წინა არჩევნების დროს, იყო დისკრედიტაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო.

ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მესამედ აღარ წარუდგინა. კანდიდატებს შორის, რომლებიც ზურაბიშვილმა შეარჩია, არიან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე.

ამასთან, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები. რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები.

მოგვიანებით პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენა  პარლამენტისთვის კატეგორიულად გამორიცხავს პრეზიდენტის მიერ მისი პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და საქმიანობის არაჯეროვნად შეფასებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად, თუმცა მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა. შედეგად, ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული.

მათი განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ცესკოც და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი