ახალი ამბები

„EU „ოცნებისგან“ კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და არა ბავშვურ განცხადებებს“ – ევროპარლამენტარები

6 აგვისტო, 2022 •
„EU „ოცნებისგან“ კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და არა ბავშვურ განცხადებებს“ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოში შეიჭრა, რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ამ დრომდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ევროპარლამენტარების თქმით ეს პირველი შემთხვევა იყო პუტინის რუსეთის მიერ არაპროვოცირებული ომის წამოწყების მეზობელ სახელმწიფოში:

„სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას არ ჰქონია მკაფიო და ადეკვატური რეაქცია ამ აგრესიულ ქმედებაზე კრემლის მხრიდან. შედეგად, რუსეთმა გააგრძელა ამგვარი პოლიტიკა და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, 8 წლის შემდეგ კი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი და აგრესია წამოიწყო“ – ნათქვამია განცხადებაში.

კუბილიუსი და იუკნევიჩიენე აღნიშნავენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერენ მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საჭიროა წარსულის შეცდომებზე სწავლა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ ყველა საჭირო დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე რათა მოხდეს შიდაპოლიტიკური განხეთქილების დაძლევა და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მიღწევა:

„რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გეოპოლიტიკური მისწრაფებების სრული ოკუპაციაა. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებსა და ქმედებებს, რომელიც ვნებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

ერთადერთი გზა, რომ საქართველომ დაიცვას თავი კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის საფრთხეებისგან, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 პუნქტის დაკმაყოფილება, პირველ რიგში კი დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის მიღწევაა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა დემოკრატიებზე ოლიგარქების გავლენა კარგად ცნობილი ფენომენია.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის არაერთ განცხადებებში ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს მხოლოდ დამატებით ამტკიცებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები გამოდიან მის დასაცავად. ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა ბავშვურ განცხადებებს, ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩის, ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენლის დადანაშაულების შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ 12 პუნქტის სწრაფად შესრულებისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია, გახდეს წინამორბედი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი