ახალი ამბები

რუსებისადმი ქსენოფობიურ-შოვინისტური კამპანიის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა — „ოცნება“

5 აგვისტო, 2022 • 1322
რუსებისადმი ქსენოფობიურ-შოვინისტური კამპანიის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა — „ოცნება“

„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში“, — ეს განცხადება დღეს, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მათ კუთვნილ მედიასაშაულებებს, მათთან დაკავშირებულ კომერციულ სუბიექტებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ NGO-ს მარტის დასაწყისში „გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“ და ახლა იგივე შემადგენლობა ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღის აგორებას ცდილობს.

„ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც მათივე მტკიცებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.

თუმცა მარტიდან 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათ მიერ მოგონილი უსაფრთხოების რისკები. ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი ტელევიზია საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა მსოახლეობის 10%-ს გაუტოლდა, სინამდვილეში კი წელს შემოსული რუსების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდნეობას.

„საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომაროებით საქართველოში იმყოფებიან, 110 000-ზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.

განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის აზრით, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შეიძლება, მაქსიმუმ 20-30 ათასი იყოს, საიდანაც „უამრავი ეთნიკური ქართველია“, თუმცა, რამდენი, კობახიძის თქმით, დასაზუსტებელია.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „ასეთი ქსენოფობიური კამპანია სხვა ქვეყნებში არ არის გაშლილი“.

„რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი. თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი ან რუსეთის მოქალაქე და ამის გამო აქვთ ზიზღი…  1968 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია? ამის გამო ბაბუაჩემი ხომ არ იყო ცუდი კაცი ან ბაბუათქვენი? როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის გაღვივებული და ცდილობენ ზიზღის გაღვივებას რიგითი რუსის მიმართ, ეს არის სამარცხვინო ქმედება“, — განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა“.

კობახიძემ თქვა, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა — საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს.

„ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი“, — განაცხადა კობახიძემ და ყველას მოუწოდა, „გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც 2010 წელს — ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს, ომის დასრულებდიან 3 წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი შემოიღეს.

„ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები — ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვა. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული.

თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია — ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი ემსახურება ერთადერთ მიზანს — საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნის უკანაც საქართველოს კონფლიქტში ჩართვა დგას.

 


ასევე ნახეთ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი