ახალი ამბები

რატომ დაივიწყა ხელისუფლებამ სკოლებში უფასო კვების დაპირება

10 მაისი, 2022 • 1760
რატომ დაივიწყა ხელისუფლებამ სკოლებში უფასო კვების დაპირება

უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების დანერგვაზე დაიწყებდა მუშაობას.

თუმცა, ამ დრომდე პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. განათლების სამინისტრო კონკრეტული გეგმის შესახებ არ საუბრობს, უცნობია ისიც, დაინერგება თუ არა ეს პროგრამა 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს?

საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის აპარატის ჩართულობით, სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე 6 თვის წინ დაიწყო მუშაობა. კონცეფციის ჩამოყალიბებასა და სხვა საკითხებში ხელისუფლებას დახმარებას უწევდა გაეროს ბავშვთა პროგრამაც (UNICEF).

ნეტგაზეთის კითხვების საპასუხოდ UNICEF-ში გვითხრეს – „ერთი შეხვედრა გვქონდა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და ველით მათგან უკუკავშირს“.

ნეტგაზეთმა დამატებითი კითხვებით მიმართა განათლების სამინისტროსაც. გვაინტერესებდა, რა ეტაპზეა კვების პროგრამა, ან რა დაადგინა უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა, როდის იგეგმება მომავალი შეხვედრა UNICEF-თან და სხვა.

სამინისტრომ წერილობით პასუხში კონკრეტული პასუხები არ გაგვცა და გვითხრა:

„სკოლაში ბავშვთა კვების საკითხი სამინისტროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად, დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ამჟამად ჩვენ რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება უკვე გვაქვს შემუშავებული, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განვიხილავთ და დავამუშავებთ.“

დამატებითი ინფორმაციის მიღებას ნეტგაზეთი ორი დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის განათლების კომიტეტისგან, მათ შორის, პირადად მივმართეთ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარსაც. მმართველი გუნდისგან კითხვებზე პასუხის მიღება პრესსამსახურის საშუალებითაც ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ. ნეტგაზეთისთვის მათ ამ დრომდე არ უპასუხიათ.

სკოლებში უფასო კვების დაპირება – საიდან დაიწყო ყველაფერი?

2021 წლის სექტემბერში მოძრაობა „ხმამ“ განაცხადა, რომ იწყებს კამპანიას სკოლაში საყოველთაო, უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. განცხადებაში, მოძრაობამ დაიმოწმა 2021 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. საქართველოს საჯარო სკოლებში დაახლოებით 549 ათასი მოსწავლე სწავლობს. „ხმა“ ამჟამად სკოლებში კვების საკითხთან დაკავშირებით ანგარიშზე მუშაობს.

სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნა

წარწერა თბილისში 55-ე საჯარო სკოლასთან. ფოტო: მოძრაობა „ხმა“

სკოლებში კვების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ბანერები გაჩნდა, დაპირებით „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

მელიას დაპირების შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სასკოლო კვების პროგრამაზე ასევე შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

2021 წლის 1 დეკემბერს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის წინაშე წარდგა. „მინისტრის საათის“ დროს, მას დეპუტატებმა სკოლებში კვების პროგრამის შესახებ ჰკითხეს, მინისტრმა მაშინ თითქმის იგივე თქვა, რასაც დღეს სამინისტრო გვპასუხობს.

„შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ წარვუდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გადავალთ უკვე პროექტის შემდეგ ეტაპზე“, — განაცხადა დეკემბერში ჩხენკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი