ახალი ამბები

ზოგიერთი NGO ქსენოფობიას ახალისებს – პაპუაშვილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

3 აგვისტო, 2022 • 1149
ზოგიერთი NGO ქსენოფობიას ახალისებს – პაპუაშვილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ქსენოფობიას ახალისებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც.

საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევაზე, რომლის მიხედვითად 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

პაპუაშვილის თქმით კი, ამ მხრივ „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“.

„არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზებთან დაკავშირებით, ბოლო წლებთან შედარებით. 2020-2021 წლების აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია, პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს ხომ არ არის ახალი, მარტშიც ეს კამპანია იყო და ვნახეთ, ამ კამპანიამ სანამდე მიგვიყვანა – გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში და იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ.

აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართულია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ქსენოფობიას აღვივებენ, მეტს არაფერს. მით უმეტეს, რომ კვლევებიც არსებობს, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა ჯგუფები შემოდიან რუსეთიდან – ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავლები IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

TI: იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი