ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ნენსი პელოსის მიკერძოებაში ადანაშაულებს

18 სექტემბერი, 2022 • 1619
აზერბაიჯანი ნენსი პელოსის მიკერძოებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი განცხადებები აზერბაიჯანის შესახებ მიუღებელია.

„პელოსი ცნობილია, როგორც პრო-სომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში სხვა პრო-სომეხი დელეგარების ყოფნა, ამის კარგი მაგალითია.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

მიუღებელია აშშ-ს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა“, – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

ბაქოს თანახმად, პელოსის „ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“.

მანამდე პელოსიმ სომხეთში ყოფნისას განაცხადა, რომ მიუღებელია აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები სომხეთზე.

პელოსი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მას შემდეგ, ჩავიდა რაც 13-15 სექტემბერს მხარეებს შორის სასაზღვრო შეტაკებები დაიწყო, რასაც ჯამში ორივე მხრიდან დაახლოებით 210 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

შეტაკებების დროს, სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, რის გამოც ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას რეაგირებისთვის მიმართა, თუმცა სომხეთში ორგანიზაციის მხრიდან, რომელმაც სომხეთს, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს, რეაგირება დაგვიანებულად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი